ბანკებმა შესაძლოა გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალი აპატიონ

„ეს კანონპროექტი წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება, ის იმ ობიექტურობიდან გამომდინარეობს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ასეთ დროს სახელმწიფო ამ ადამიანებს რაღაცნაირად უნდა დაეხმაროს”, – ამბობს პარლამენტარი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების” წევრი დავით ონოფრიშვილი, რომელმაც ე.წ. უიმედო სესხების შესახებ სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა. თუმცა, მანამდე ის პარლამენტმა უნდა განიხილოს და მხარი დაუჭიროს.
რას გულისხმობს ე.წ. უიმედო სესხების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა და დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი?
„როდესაც სესხის აღებიდან საკმაოდ დიდი დროა გასული, მაგრამ მსესხებელი თანხას ვერ აბრუნებს, ასეთ დროს კომერციულ ბანკებსა თუ ფინანსურ ინსტიტუტებს ხშირად აქვთ იმის სურვილი, რომ ე.წ. უიმედო მსესხებელს აპატიოს და სესხის თანხა ჩამოაწეროს. თუმცა, ამ ნაბიჯისგან ის თავს იკავებს, რადგან საგადასახადოში დამატებითი თანხა უნდა გადაიხადოს. მოგეხსენებათ, საგადასახდო კოდექსში მითითებულია თუ რა შემთხვევაში არ ხდება საშემოსავლოს გადასახადის გადახდა. მაგალითად, იმისათვის, რომ შენ 10 ათასი ლარი გაპატიო, ამის 20% შენ უნდა გადაიხადო. თუ შენ არ გადაიხდი, მაშინ მე, ამ შემთხვევაში ბანკი, ვალდებული ვარ, რომ გადავიხადო. აქედან გამომდინარე, ბანკებს ზედმეტი ვალდებულებები წარმოეშვებათ. რის გამოც, სესხის ჩამოწერის სურვილიც რომ ჰქონდეთ, ამ მიზეზით უკან იხევენ. ამიტომ, ამ საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში, იმ პირებს, ვისაც ბანკი სესხს აპატიებს, სანაცვლოდ ბანკს გადასახადის გადახდა არ მოუწევს. ზოგჯერ ბანკს არ უღირს კლიენტთან „ჭიდაობა”, ეს ცვლილება კი, ხელს შეუწყობს ადამიანი სესხისგან გათავისუფლდეს, გარკვეული დროის შემდეგ, ე.წ. შავი სიიდანაც ამოირიცხოს, ხოლო ბანკს გადასახადის გადახდა არ მოუწევს. ვფიქრობ, საინტერესო წინადადებაა, რომელსაც პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს”, – დასძინა ონოფრიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში მომავალ კვირას დაარეგისტრირებს.

წყარო: ბაკები და ფინანსები

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის მოწვევით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება