“ბალდელ დედებს მეორე ღამის გათენება გვიწევს ღია ცის ქვეშ” – პროტესტის 770-ე დღე ბალდაში

პროტესტის 770-ე დღე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში, სადაც, უკვე, მეორე დღეა სოფელში მცხოვრები ქალები ღამეს, ღია ცის ქვეშ, კოცონთან, ათევენ.

რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს მიმართვა, რომლის ადრესატებიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი, ბესიკ ამირანაშვილი და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ნაჭყებია არიან.

“თაიმერი” აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“770 დღის და ღამის მანძილზე, მოსახლეობა მშვიდობიანი ფორმებით ვითხოვდით ბუნების დამაზიანებელი, ხალხის მჩაგვრელი და კორუფციული პროექტის შეჩერებას, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ახლა უკვე ბალდელ დედებს მეორე ღამის გათენება გვიწევს ღია ცის ქვეშ, რათა მივიღოთ პასუხი ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით და რომ დაუყოვნებლივ მოხდეს დაცვის თანამშრომლის კანიონიდან გაყვანა.

აქედან მივმართავთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს, ბესიკ ამირანაშვილს და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ნაჭყებიას:

მოძალადე კომპანიისთვის მიცემული სამ წლიანი ვადა ამოიწურა. პროექტი ვერ განხორციელდა და რადგან მთელი სოფელი დღემდე კატეგორიულად წინააღმდეგია – ვერც განხორციელდება. ამიტომ გააკეთეთ საჯარო განცხადება, გააუქმეთ აღნიშნული კონტრაქტი და ამით დაასრულეთ სოფლის, დედებისა და ბალდელი მოსახლეობის ტანჯვა”, – ნათქვამია ბალდელების მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ერთი პირის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულს ეძებენ
შემდეგი სტატიარუბიო: პროგრესი გვაქვს, ვფიქრობ, რომ აქ არსებობს საერთო ხედვა, რომ საქმე მხოლოდ ომის დასრულებას არ ეხება