დაჭრა ბალდის კანონთან – დაკავებულები სავარაუდოდ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კომპანიის თანამშრომლები არიან.
კომპანია რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისის ხელმძღვანელის, მამუკა მერკვილაძის ოჯახის კუთვნილებაშია. მერკვილაძის ამ პოსტზე დანიშვნა კი პრემიერ კობახიძის პირველი საკადრო გადაწყვეტილება იყო.
ადგილობრივები რუსეთში მოღვაწე დიპლომატის კომპანიისთვის კანიონის გადაცემას თვეებია, უწყვეტად აპროტესტებენ. გუშინ კი ეს პროტესტი სისხლიანი ანგარიშობებით და ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა.
რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება “შაბათის ეთერმა” რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა.
მარტვილში ჩასულ “შაბათის ეთერის” გუნდს ადგილობრივები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ კაცი რუსული კავშირებით, მათთვის მისაღები არ არის. მერკვილაძის ინვესტორობას, მთელი სოფელი აპროტესტებს დაიდგა სპეციალური კარავიც, სადაც სწორედ სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა.
ბალდელები ამბობენ, რომ საკუთარ სოფელს, კანიონს და ველურ ბუნებას ხელყოფისგან, მამუკა მერკვილაძისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ.
ბუნების ეს ძეგლი შპს ,,კანიონი 350’’-ს 40 წლით მისცეს. კომპანიას მამუკა მერკვილაძესთან ერთად, მისი ბიძაშვილი გიორგი მერკვილაძე და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ანი გიუნაშვილი ფლობენ. გიუნაშვილი ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერკვილაძეების დეიდაა და კომპანიაში ფიქტიურად ჰყავთ გაფორმებული.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი.
დაკავებულები არიან ძმები ხურცილავები.
მინდია და აჩი ბჟალავებს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. მინდია ბჟალავას კლინიკაში გადაყვანა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კარავში მყოფი პირები ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა.