ბახტაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი გუნდის ყველა წევრს

მამუკა ბახტაძემ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების გუნდს, ასევე თქვა, რომ მისი აზრით, თავისი მისია შეასრულა.

“2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.

2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი − ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი.

ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს.

დღეს 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას ვუპასუხებ.

ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა.
მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში.

მიუხედავად სტრატეგიული განვითარების მთავარი ჩარჩოს შექმნისა და ხელშესახები პროგრესისა, მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ არის რიგი საკითხები, სადაც უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო.

მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა.

მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარი მოკლევადიანი ამოცანის გადასაწყვეტად, განგვისაზღვროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე გადის.

ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარის − ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, რათა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხმაც ისმოდეს პარლამენტში. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.

2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!
მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!”, – დაწერა ბახტაძემ.

ვინ შეცვლის მამუკა ბახტაძეს პრემიერმინისტრის პოსტზე, ხვალ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დასახელდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმის პოსტზე გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის კანდიდატურები განიხილება. ასევე, მედიის ცნობით, შს მინისტრის პოზიციაზე გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

banner
წინა სტატიაში3 სექტემბერს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასახელდება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ბიძინა გეგიძე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ გარიცხულიყო