ბახტაძე მერკელთან სადღეგრძელოებით საუბრობს, ბაქრაძე კი, ევროპარლამენტში ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების საკითხითაა დაკავებული

როდესაც ბატონი ბახტაძე მერკელთან სადღეგრძელოებით საუბრობს, დავით ბაქრაძე ევროპარლამენტში ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების საკითხით არის დაკავებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხარო და მე ვიტყოდი, სამარცხვინო განცხადებაა. ნებისმიერ ადამიანს ალბათ ბრეჟნევის „ტასი“ გაახსენდა, რომელიც დისიდენტებზე ასეთი ფორმით საუბრობდა. სინამდვილე აბსოლუტურად დიამეტრიულად განსხვავებულია. ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს სოცინტერნი ჩამოყვანილი და სოციალისტებს ეჭუკჭუკება, ისევე ნებისმიერი პარტია და ძლიერი ოპოზიციური გაერთიანება არის ალიანსში სხვადასხვა ევროპულო სტრუქტურებში და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვესაუბრებით. მაშინ როდესაც ბატონი ბახტაძე სადღეგრძელოებით საუბრობდა ანგელა მერკელთან, დავით ბაქრაძემ, ჩვენმა საპრეზიდეტო კანდიდატმა, ძალიან კონკრეტული საკითხი დააყენა – კვოტების გამოყოფა ჩვენი თანამოქალქეებისთვის და ნახევარ საათში საზოგადოებამ მიიღო ანგელა მერკელის პასუხი, რომ ეს საკითხი დაიძრება. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ საფრანგეთის ელჩის, ევროპარლამენტარების და საბოლოო ჯამში, იოანეს ჰანის განცხადება, ამიტომ, ოპოზიცია გაცილებით უფრო მეტ საქმეს აკეთებს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ევროპის ნაწილი უნდა იყოს ჩვენი სასამართლო, რომელიც მთლიანად გააპარტახეს, ხელისუფლება, რომელიც არაფორმალურ მმართველობაშია მთლიანად ჩანთქმული და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ჩუგოშვილს არ ესმის და ბრეჟნევისდროინდელი „ტასის“ განცხადებებს ვისმენთ,” – განაცხადა გიგი უგულავამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატები ევროპარლამენტში ვიზიტებით იმყოფებიან, რაც იმას ემსახურება, რომ დადებითი შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტს აქვს, შეიცვალოს და ქვეყანამ მიიღოს უარესი შეფასება, ვიდრე ობიეტურად იმსახურებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი კანდიდატი, მისი კამპანია იქნება დაფინანსებული
შემდეგი სტატია,,ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება გამოცხადდა როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება”