,,ბახალას” საქმე – რეანომობილით ხდებოდა თურქეთიდან საქართველოში 900 აბამდე ნარკოტიკული საშუალების შემოტანა

გამოვიკვლიეთ რეანომობილიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და დადასტურდა, რომ აღნიშნული რეანომობილით ხდებოდა გადაზიდვა, ანუ თურქეთიდან 900 აბამდე ნარკოტიკული საშუალების შემოტანა საქართველოში, – ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ორგანიზების საქმის პროკურორმა, ირინე ჩოჩიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გიორგი გიორგანაშვილისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადება არ მომხდარა.

“ეს მხოლოდ დაცვის მხარის პოზიციაა, რაც არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით. შემდეგ სხდომაზე სრულდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც ასევე დაადასტურებენ მათ შემხებლობას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ასევე იმ გარემობას, რომ სწორედ გიორგი გიორგანაშვილმა და ირაკლი ქორიძემ ჩაიდინეს მათზე ბრალად შერაცხული ქმედება.

გიორგი გიორგანაშვილს ვედავებით, რომ ის არის ორგანიზებული ჯგუფის წევრი, შესაბამისად, იქ როლები იყო გადანაწილებული. კონკრეტულად ვინც გადაადგილდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებით, ის პიროვნება უკვე დაკავებულია და მისჯილიც აქვს. ის როლი, რაც აღნიშნულ ორგანიზებულ ჯგუფში გიორგი გიორგანაშვილს ჰქონდა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებებით დადასტურდება”, – განაცხადა ირინე ჩოჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

banner
წინა სტატიაშითორნიკე რიჟვაძის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია , ის პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსია
შემდეგი სტატიათბილისის მერი სანდრო ეულის ქუჩაზე, 140-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას უარყოფს