ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდება. თეთრ სახლში 27 თებერვალს დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გაწევა იქნება.
ბაიდენი კონგრესის ლიდერებთან ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობას განიხილავს, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტა. ამჟამად აშშ-ს აქვს კონგრესის მიერ დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის მოქმედების ვადა 1-ლი მარტიდან ამოიწურება.
პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და სენატში დემოკრატების უმრავლესობის და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიჩ მაკკონელი. თეთრი სახლის ინფორმაციით, დღის წესრიგშია უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების საკითხებიც.
კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში.
რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას ასახელებენ, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.