აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს წერილი მისწერა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით დემოკრატიის განმტკიცებაში და რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.
ბაიდენის ეს წერილი ფაშინიანს 25 სექტემბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გადასცა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
„მე ვთხოვე სამანტა პაუერს, ჩემი კაბინეტის მთავარ წევრს, რომ პირადად გადმოგცეთ შეერთებული შტატებისა და ჩემი ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერა სომხეთს სურვილით, მიაღწიოს ღირსეულ და გამძლე რეგიონულ მშვიდობას, რომელიც დაიცავს თქვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და დემოკრატიას.
სომხეთმა აჩვენა თავისი ერთგულება ამ მიზნისადმი აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვით, ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებით და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით. გარწმუნებთ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად და თქვენს სამეზობლოში სტაბილურობის დამყარების მცდელობებში.
შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს თქვენს მთავრობასთან ბოლოდროინდელი ძალადობის შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რასაც ქალბატონი პაუერი დეტალურად განიხილავს თქვენთან ერთად. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, მდგრადობისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ჩვენმა ბოლო სამხედრო წვრთნებმა აჩვენა…“, – წერია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს გამოაცხადა და მეორე დღესვე დაასრულა.
21 სექტემბერს კი აზერბაიჯანსა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის სიტუაციის შემდგომი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან უვნებლად გასვლას დაჰპირდა სომხებს, რომლებიც იარაღს დაყრიდნენ.