ბაიდენი – ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი თავდაცვისთვის, ასევე პრიორიტეტულია, დაუყოვნებლივ გადაიჭრას ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ის პრიორიტეტულად მიიჩნევს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის დაუყოვნებლივ გადაჭრას.

ბაიდენის თქმით, მის გუნდს პირდაპირი კომუნიკაცია აქვს ისრაელთან, ეგვიპტესთან, იორდანიასთან და სხვა არაბულ ქვეყნებთან, ასევე გაერო-სთან. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ მუშაობს „ჰამასის“ მიერ გატაცებული ამერიკელების დასაბრუნებლად. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, კომუნიკაცია ჰქონდა „ჰამასის“ მიერ გატაცებული ამერიკელების ოჯახის წევრებთან. პრეზიდენტის თქმით, მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს მძევლების ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებისთვის.

„რაც უფრო მეტი თავდასხმის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, მით უფრო საშინელი ხდება ის. 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 27 ამერიკელი. ამ ხალხის ფონზე „ალ-ქაიდა“ წმინდანად გამოიყურება. ისინი სუფთა ბოროტება არიან. თავიდანვე ვთქვი, შეერთებული შტატები ისრაელის გვერდით დგას. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, ახლა კი იქ თავდაცვის მდივანი ოსტინია. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად და ამ თავდასხმაზე რეაგირებისთვის სჭირდება. ჩემთვის ასევე პრიორიტეტულია, დაუყოვნებლივ გადაიჭრას ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში. ჩემი განკარგულებით, ჩვენი გუნდები მუშაობენ რეგიონში, მათ შორის პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიისა და სხვა არაბული ქვეყნების მთავრობებთან და გაერო-სთან, რათა მოვიძიოთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ „ჰამასის“ თავდასხმის ჰუმანიტარულ შედეგებს. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ფაქტი, რომ პალესტინელთა უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო „ჰამასთან“ და „ჰამასის“ საზარელ თავდასხმებთან. შედეგად ისინი იტანჯებიან“, – განაცხადა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ვაღიარებთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს
შემდეგი სტატიაბულგარეთის პარლამენტის ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, მისი სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში გაზრდიდა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს