ბაია გადაბაძის განცხადებით, მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.

როგორც გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პირადად ესაუბრა მაკა ასათიანს, რომელმაც უთხრა, რომ მისი მხრიდან არავის მოლაპარაკება არ გაუმართავს.

“პირადად დავურეკე და ველაპარაკე მაკა ასათიანს და მითხრა, რომ მისი სახელით არავინ მოლაპარაკებას არ გამართავს და არც თვითონ მიიღებს ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ის წინააღმდეგია მოლაპარაკებების, რადგან ფიქრობს, რომ ამის ეტაპი უკვე დამთავრდა”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით კი, არც ის არის მომხრე მოლაპარაკებების, მაგრამ თუ რაიმე სასიკეთო გადაწყდება საზოგადოებისთვის და თანამშრომლებისთვის, ასეთი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის.

“მე ამ მოლაპარაკებების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ რაიმე სასიკეთო გადაწყდება საზოგადოებისთვის და თანამშრომლებისთვის, მე წინააღმდეგი არ ვარ ასეთი მოლაპარაკების”, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

კიდევ ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე კი მიესალმება მოლაპარაკებების გამართვას და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები არის პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა.

“მესმის, რომ რთულია მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს არასდროს. ჯობია, რომ დასრულდეს მშვიდობით და არ მივიდეთ კონფროტაციამდე”, – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

რაც შეეხება “მ 24”-ის მაუწყებლობის დაწყებას, როგორც კიკაბიძე აღნიშნავს, ეს ქსელის გაფართოების შემდეგ მოხდება.

“მ 24″-თან დაკავშირებით ტექნოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სიგნალიც მივიტანე რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერთან და საკაბელო ტელევიზიასთან. ქსელის გაფართხოების შემდეგ დავიწყებ მაუწყებლობას”, – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

banner
წინა სტატიაშიქორწინების განსაზღვრების საკითხის საორგანიზაციო კომისიაში კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და რეჟისორი მერაბ თავაძეც არიან
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ისევ 2.3157 ლარი დარჩა