ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი – დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არათუ სამეფო სახლის მეთაურს, საერთოდ სამეფო სახლსაც არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო სახელს იყენებს და სამეფო ტიტულებს გასცემს, რისი უფლებაც არ აქვს.

„დღეის მდგომარეობით, ის არათუ სამეფო სახლის მეთაურს, საერთოდ სამეფო სახლსაც არ წარმოადგენს. ის მხოლოდ ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ისაუბროს სამეფო სახლის სახელით, გასცეს ჯილდოები და ორდენები. ლოგიკურად, ნამდვილ სამეფო ოჯახს აქვს ინტერესი, აღკვეთოს ეს ყველაფერი და ვინმე მესამე პირმა არ ისარგებლოს იმ ისტორიით, რომელიც ამ ოჯახს აქვს. იმედი გვაქვს, ხვალ სასამართლო დაადგენს ჭეშმარიტებას“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან. სარჩელს ხვალ საქალაქო სასამართლო განიხილავს. სასამართლო სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები – როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური გამოიკითხებიან.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა
შემდეგი სტატიადაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობის აივანზე ცეცხლი გაჩნდა