ბაღებში შეტანილი ღვინოში „ჩადებული“ რძე ბავშვებისათვის – თბილისის მერიას სძინავს?!

სტატიას საფუძვლად დაედო „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსი: „15 იანვარს განახლდა ბაღებში სწავლა და ბაღებს კვებავს მრავალჯერ საკვები პროდუქტის შეუსაბამობაში დაჯარიმებული კომპანია, რომელსაც ორი დღეა ბავშვებისთვის ხორცი არ მიუწოდებია, ხოლო რამდენიმე რაიონში, მაშინ როცა, დილით უკვე ხორცი უნდა ყოფილიყო ადგილზე, ისეთ დროს მიიტანეს, წარმოუდგენელია მომზადდეს . ერთ-ერთ რაიონში არც ერთ ბაღს არ მიუღია ხორცი, ბაღის პატარებს გუშინდელი ნ ა რ ჩ ე ნ ი ხორცით გაუკეთეს გუფთა, აი ეს არის ჩვენი „დაბალი ფასით მიღებული მაღალი სტანდარტი”. !!‼ მშობლებო, დააკვირდით როგორ იკვებებიან თქვენი შვილები“. იგივე მომხმარებელი აქვეყნებს ორ ფოტოს (რომელსაც თან ვურთავთ სტატიას) და წერს: „ეს ახალი პროდუქტია ბაღში !! ნუ გეგონებათ თქვენს შვილებს მენიუში ქართული ღვინო უზით !! უბრალოდ შეფუთვა ვერ იპოვეს მეგობრებო და ღვინის წარწერით და შეფუთვით შეტანილი რძე არის ფოტოზე !! აქ არის ეტიკეტირება დაცული?! ეტიკეტზე ღვინო ალკოჰოლიანი აწერია და შიგნით გეუბნებიან ნატურლური რძეაო!“
დიახ, არც მეტი, არც ნაკლები ღვინის „ბოცაში“ ჩამოსხმული რძე ბავშვებს!
მავანთათვის შეიძლება ეს იყოს უბრალოდ „ტექნიკური ხარვეზი“, მავანთათვის პოზიცია – მოგცლიათ ერთი, რა მნიშვნელობა აქვს შეფუთვას, მთავარია რძე! მაგრამ საქმე ისაა, რომ არავინ იცის ღვინის „ბოცაში“ ჩამოსხმული რძე ნამდვილად რძე თუ ღვინონარევი (წყალნარევი) რძე? არავის ჩაუტარებია კვლევა და არავის შეუმოწმებია როგორც რძის ხარისხი, ასევე მიწოდებული „ღვინო-რძის“ შეფუთვა! ეს გაურკვეველი წარმომავლობის სითხე ბავშვებმა უკვე დააგემოვნეს და ჯერჯერობით არავინ მოწამლულა და რაკი, ურემი ჯერ არ გადაბრუნებულა, არა უშავს, გზადაგზა შეფუთავენ… ალბათ!


რაც შეეხება ხორცს: 15 იანვრამდე არდადეგები იყო, „ნარჩენი ხორცი“ – მაცივარში. აქ ალბათ კომენტარი ზედმეტია, თუმცა, „თაიმერმა“ მოიპოვა ფოტოები, სადაც კარგად ჩანს იმ ხორცის ხარისხი, რომელიც შეტანილ იქნა ბაღებში (ფოტოები თან ერთვის სტატიას).
ისედაც დრამატული სიტუაციის უფრო დამძიმებას არ ვაპირებთ, მაგრამ უბრალოდ საინტერესოა: ხორცს, რომელსაც ხედავთ ფოტოებზე (და, ფოტოები ნამდვილად ერთ-ერთ ბაღშია გადაღებული), მერიის რომელიმე თანამშრომელი საკუთარ შვილებს თუ აჭმევს? თუ ვინმე იტყვის, რომ ამ ბაღებში მერიის თანამშრომლებსაც დაჰყავთ ბავშვები, შეგვიძლია „დავამშვიდოთ“ – ნურას უკაცრავად! ვისაც ევალებათ ზედამხედველობა (კონტროლი), მათი შვილები იმ ხორცს არ მიირთმევენ, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ და არც იმ ბაღებში დადიან, სადაც ეს ხორცი მიაქვთ!
მავანთათვის შეიძლება აქ წარმოდგენილი რძეც რძეა და ხორციც ხორცი, მაგრამ უმრავლესობამ ხომ ვიცით რა ხდება რეალურად და ხომ ვიცით, რომ ის, რაც უბრალო მოკვდავთათვის ნორმაა, „ბრალიანი“ მოკვდავთათვის „უუფ, ეს რა საშინელებაა“?!
ეს ხომ ვიცით!
ჰოდა, როდემდე?
ბოლოსდაბოლოს, საქმე ბავშვებს, საქართველოს მომავალს ეხება!!
და თუ ზოგისთვის ის ხორციც, რასაც ფოტოებზე ხედავთ და ის რძეც, ღვინის „ბოცაში“ რომ არის ჩამოსხმული, სანატრელია, ეს, სხვათაშორის, იმ გაუმაძღარი ჩინოსნების დამსახურებაა, პრემია და დანამატი ხელფასში რომ გააერთიანეს და სახელად ჯილდო დაარქვეს, ჩვენ კი გვეუბნებიან ხელფასები არ გაგვიზრდიაო!
ასეა ეს და ეს არაა ორუცნობიანი (თუნდაც) განტოლება ვიღაცას ამოხსნა რომ გაუჭირდეს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და თუ თვალზე ქოც-ნაცების ბინდი არ გაქვთ გადაფარებული, ადვილად უნდა ხედავდეთ!
ოფიციალური ინფორმაცია: „თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად სამგორის რაიონში, №181 ბაგა-ბაღში იმყოფებდა, სადაც სააღმზრდელო პროცესი, ზამთრის არდადეგების შემდეგ, დღეს განახლდა. მერის მოადგილემ ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერა და პატარებს სააღმზრდელო წლის განახლება მიულოცა. ილია ელოშვილის თქმით, თბილისში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან: „ვულოცავ საბავშვო ბაგა-ბაღების ყველა პატარასა და აღმზრდელს სააღმზრდელო წლის განახლებას და ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ წელს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში. მისი პირველადი განათლება დიდწილადაა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობებში უწევს მას ბაღში ყოფნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვებს და მასწავლებლებს ჰქონდეთ კომფორტული პირობები. მინდა განვაცხადო, რომ ბაგა-ბაღებს დღეს არანაირი შეფერხება არა აქვთ, მათ შორის კვების მიწოდების კუთხით და არც ექნებათ“.


კიდევ ერთი ოფიციალური ინფორმაცია: „თბილისის მერიამ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულებება გააფორმა. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით: „დედაქალაქის მერიას ბაღების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის პროცედურა ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული საბავშვო ბაღებისთვის. ერთ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაღებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. სამი პრეტენდენტი იყო და ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, ამ ნაწილში შევარჩიეთ, იმ პრეტენდენტებიდან ერთ-ერთი, ვისაც უმცირესი ფასი ჰქონდა წარმოდგენილი. ეს არის კომპანია “ნილი” და მასთან მოხდება ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროზე არსებულ საბავშვო ბაღებს ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი. აქ არ არის შეწყვეტილი ტენდერი, მაგრამ იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა უნდა დაიწყოს 15 იანვარს, ვიხელმძღვანელეთ იგივე პრინციპით. ამ ტენდერშიც შპს “ნილის” ფასი იყო შედარებით დაბალი, ამიტომ მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებსაც ერთი თვის განმავლობაში შპს “ნილი” მოემსახურება, ბავშვების კვებას რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას. აღნიშნული კომპანია შევარჩიეთ იმის გამო, რომ მას კვებით მომსახურების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ეს ინფორმაცია ატვირთულიც არის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ამავე დროს, ჩვენი უმთავრესი კრიტერიუმის გამოც – დაბალი ფასისთვის. ერთთვიანი ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია “ნილის” მომსახურება 4,5 მილიონი ლარს შეადგენს. “ნილი” ერთი თვის განმავლობაში 171 ბაღს მოემსახურება მთელი დედაქალაქის მასშტაბით”.
ფაქტიურად ოცნებების ახდენის წელი დაწყებულად შეიძლება გამოვაცხადოთ რომ არა რამდენიმე „უზუსტობა“: თბილისის მერის მოადგილემ დაადასტურა, რომ შპს „ნილს“ ასევე მოგებული აქვს უფასო სასადილოების კვებით მომსახურების ტენდერიც, თუმცა „ნილი“ ამ საქმეში ერთადერთი არაა და მას გვერდს სხვა ფირმებიც „უმშვენებენ“. რას ცვლის ეს? არც არაფერს, მაგრამ „ნილი“ რომ მარტო არაა, ეს საქმედ მიაჩნია მერის მოადგილეს. რძისგან განსხვავებით ეს პოზიცია მშვენიერი შეფუთვაა“.

ასევე: თბილისის მერის მოადგილე უარყოფს ინფორმაციას, რომ კომპანია “ნილთან” დაკავშირებით პროკურატურაში საქმის წარმოება მიმდინარეობს. როგორც ის აღნიშნავს, 2017 წელს, პროკურატურას გიორგი ვაშაძემ მიმართა უფასო სასადილოებში კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესასწავლად: „ჩემი ინფორმაციით, პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის წარმოება სასადილოების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით შედეგები არ არის. მაგრამ ეს საქმის წარმოება არ არის კონკრეტულად “ნილთან” დაკავშირებით. ვისი პასუხისმგებლობა დადგება, ან დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა საერთოდ, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
აქვე, განსჯისთვის არქივიდან გვინდა შემოგთავაზოთ ერთი ინფორმაცია: „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქმეში ფიგურირებს 2 მთავარი კომპანია – „ ილი ჯგუფი“ და „ნილი“: „კომპანია „ნილის“ დირექტორმა, გიორგი ჯუღელმა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარტია „ქართულ ოცნებას“ შესწირა 60 000 ლარი. ამავე წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც დავით ნარმანია გახდა თბილსის მერი, გიორგი ჯუღელის კომპანიამ მიიღო ხელშეკრულება სამი წლის ვადით, რომელიც გულისხმობს უფასო სასადილოების მომსახურებას. გიორგი ჯუღელმა და მისმა კომპანიამ 2014 წლის 30 დეკემბერს, კრწანისის რაიონის გამგეობისგან მიიღო 3 მილიონ ლარზე მეტის, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს, ისნის გამგეობისგან მიიღო 4 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულება. ორივე შემთხვევაში, საქმე ეხება უფასო სასადილოებს. 2014 წლის 31 დეკემბერს, ასევე მიიღო თბილისის ბიუჯეტიდან-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან 2 მილიონ ლარამდე ხელშეკრულება, ამ შემთხვევაშიც უფასო სასადილოების დაფინანსებასთან დაკავშირებით. გიორგი ჯუღელმა, 2015 წლის ბოლოს, პარტია „ქართულ ოცნებას“ კვლავ შესწირა 60 000 ლარი. ასევე, კომპანია „ნილიდან“ გიორგი ჯუღელის გარდა, „ქართული ოცნების“ შემომწირველია, თეიმურაზ გიორგაძე, რომელიც გახლავთ ამავე კომპანიის დამფუძნებელი და წილის მფლობელი. მან „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ხოლო დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით: „ილი“ ჯგუფი და მისი დირექტორები, იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე პირდაპირ კავშირში არიან, თბილისის მერის ყოფილ მოადგილესთან, გრიგოლ ლილუაშვილთან, რომელიც ახლა ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატია. იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე აქტიურად იყვნენ ჩართულები ლილუაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში 2016 წელს. ამ პერიოდში მათ მიიღეს 5 მილიონი ლარის ხელშეკრულება სამგორის რაიონის გამგეობისგან, უფასო სასადილოების დაფინანსებისთვის. მანამდე, 2015 წელს, მათ მიიღეს ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან 6 მილიონ ლარამდე ხელშეკრულება, კვლავ უფასო სასადილოების დაფინანსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები დამატებით შემოსავალს იღებენ „მორგებული“ ტედერებით. მაგ: 2016 წელს, სამგორის რაიონის მიერ, ხელმეორედ გამოცხადებულ უფასო სასადილოების მომსახურების დოკუმენტში- გამოცხადებულ ტენდერში, მითითებული იყო ის მისამართები, რომელებზეც ობიექტები აქვს მხოლოდ „ილი ჯუფს“. შესაბამისად, სხვა ნებისმიერი მსრუველისთვის მონაწილეობის მიღება გახდა შეუძლებელი. „ილი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა უღრელიძე ასევე არის კომპანია „ნიუ სტარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელმაც უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის, სააღდგომო ნობათის შეძენის ტენდერი, ერთდროულად რამდენიმე რაიონში მოიგო, მათ შორის სამგორში და გლდანში. მაშინ, როდესაც ნაძალადევის რიაონის გამგეობამ „ნიუ სტარს“ იგივე მომსახურეობაზე დისკვალიფიკაცია მისცა. (აღსანიშნავია, რომ ათივე რაიონს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული ერთი და იგივე პირობით)“.


ასევე აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: საზოგადოებას ალბათ ახსოვს გასულ წელს ატეხილი აჟიოტაჟი, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარებული ტენდერების თემას ეხებოდა. გასული წლის ივლისის თვეში ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ წარმომადგენელმა გიორგი ბაჯელიძემ გააკეთა განცხადება, რაც ეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში უკანონოდ ჩატარებულ ტენდერს და ამ ტენდერში „ნილის“ გამარჯვებას. ბაჯელიძეს იმავე დღეს უპასუხა მინისტრმა კახა კახიშვილმა, რომელმაც განაცხადა: „კომპანია „ნილს“ ერთი დღეც არ ჰქონია სასჯელასღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან შეხება. კომპანია „ნილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპნიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია“. სამინისტრომ სასამართლოს მიმართა ბაჯელიძის წინააღმდეგ, თუმცა არც ის ვიცით რა ბედი ეწია პროკურატურაში ვაშაძის მიერ შეტანილ საჩივარს და არც ის ვიცით სასამართლომ განიხილა თუ არა სასჯელაღსრულების სამინისტროს სარჩელი.
კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია ის, რომ „ნილმა“ ტენდერი ვერ მოიგო, პირობები ვერ დააკმაყოფილა! საინტერესოა რა შეიცვალა გასული წლის ივლისიდან დღემდე? როგორ გახდა „ნილი“ რამდენიმე თვეში „ყველაზე გამოცდილი“ ? საინტერესოა თბილისის მერიამ კომპანიას თუნდაც ერთი თვით რატომ ანდო საქართველოს მომავალი თაობის გამოკვება, რატომ თვლის მერია, რომ „ყველაზე დაბალი ფასით“ შედგენილი მენიუ შეიძლება მიართვან სხვის შვილებს?! ასევე ძალიან საინტერესოა რა რეაგირება მოჰყვება „თაიმერის“ სტატიას, რას გვეტყვიან „ღვინოში რძე ჩაგვიდეს“ და „ძვლებში ხორციო“?!
დაბოლოს, „თაიმერი“ პერიოდულად (მოკლე ვადაში) შემოგთავაზებთ მასალებს, რაც ეხება ბაღებში ჩატარებულ ტენდერებს, გაგაცნობთ ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე ატეხილი ხმაურის დეტალებს და დოკუმენტაციას, რაც იქნება ერთგვარი მცდელობა გავარღვიოთ ჯადოსნური წრე და საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე განსახილველად!

 

banner
წინა სტატიაშიგამოვთქვამ მზაობას, პრეზიდენტის თანამშრომლები შევიფაროთ – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატიაპაატა პავლიაშვილის საქმე შსს-ს გენინსპექციას გადაეცემა