„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაწესებულებებში უვარგისი და აყროლებული პროდუქცია მიიტანეს. ფარულავას თქმით, მომხდარზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა თბილისის მერს, კახა კალაძესა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას ეკისრება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ და ყურადღება მხოლოდ მომწოდებლებზე გადააქვთ, მაშინ როდესაც პრობლემა სისტემურ კორუფციასა და უპასუხისმგებლობაშია.
„ბაღის თანამშრომლებისა და მშობლებისგან მაქვს ინფორმაცია — დაზუსტებით ვიცი, რომ ქათამი, რომელიც საბავშვო ბაღებში მიიტანეს, აყროლებული და უვარგისი იყო. ცენტრალური უბნების ბაღებში პროდუქცია არ მიიღეს, ხოლო სააგენტოსთან კომუნიკაციისას მათ გასცეს რეკომენდაცია, რომ ეს ხორცი მიეღოთ და გაერეცხათ, რის შემდეგაც სუნი აღარ ექნებოდა. ბაღების ნაწილმა ეს პროდუქცია მიიღო. ეს, ფაქტობრივად, ბიოტერორიზმია, რასაც თბილისის მერია 2-იდან 4 წლამდე ბავშვების წინააღმდეგ სჩადის“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ლაშა ფარულავას თქმით, ბაგა-ბაღების სისტემისთვის თბილისელების ბიუჯეტიდან 280 მილიონი ლარია გამოყოფილი, საიდანაც 216 მილიონი უშუალოდ კვების უზრუნველყოფაზე იხარჯება. მან ხაზი გაუსვა, რომ შესყიდვების წესი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით შეიცვალა, რამაც სააგენტოს მხოლოდ კონტროლის ფუნქცია დაუტოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა კახა კალაძის მმართველობის პერიოდში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევებიც (წყნეთის სკვერი, ვაკის პარკის ტრაგედია, რიყის დოქები, დეზერტირების ბაზართან ჩამოშლილი სახურავი) გაიხსენა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის დანაშაულებრივ გულგრილობასა და კორუფციულ ინტერესებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.








