ბადრი ჯაფარიძე: უნდა მოვნახოთ ჩვენში ძალა, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის პრიორიტეტების ირგვლივ

„ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში ძალა, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის პრიორიტეტების ირგვლივ და თუ ეს პრიორიტეტები ოდნავ მაინც არის დარჩენილი „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების პროცესის დაჩქარებას, მაშინ უნდა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამავლობით, მათი მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების ფეხქვეშ გათელვა და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყნისათვის უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება და ამ თვალსაზრისით ჩვენ – „ლელომ საქართველოსთვის“ გავაჟღერეთ ინიციატივა, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები აშშ-თან თავდაცვის აქტის გაფორმებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ მოძებნოს ძალა და დაუჭიროს მხარი ამ ინიციატივას, რათა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა დაინახოს, რომ აქ მაინც პოლიტიკური ძალები გაერთიანებული არიან და ქვეყნის უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას, რადგან იქიდან გამოსვლით „არა მხოლოდ თავის თავს, ქვეყანას მიაყენა დიდი ზიანი“.

„ვფიქრობ მართლაც დადგა დრო მაღლა დადგეთ თქვენს პარტიულ, პირად სიმპატიებსა და ანტიპატიებზე, გამოხვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან და დაუბრუნდეთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა ამდენი ძალისხმევით 19 აპრილს. უნდა დავუბრუნდეთ ამ შეთანხმებას, თუკი, კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ მართლაც დაგრჩათ დღის წესრიგში ქვეყნისთვის ევროპული მომავლის შენარჩუნება, მაშინ აუცილებელია ის კი არ იყოს დღის წესრიგში, რომ რევერსი მოხდეს უკვე მიღებული ცვლილებების. და აქ საუბარია, რომ თურმე კონსესუსისათვის არ არის მზად ოპოზიცია. კონსესუსი არ არის ქართული ოცნების პოზიციის გაზიარება. კონსესუსი არის „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა და ოპოზიციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ კონსესუსი ესმის, ყველა დადგეს „ქართული ოცნების“ პოზიციაზე, რაც ვერ იქნება. კონსესუსი ნიშნავს თქვენი მხრიდანაც დათმობას. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ქვეყნის ინტერესებში არის ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ იმ ფორმით, როგორც ჩვენ შევთანხმდით. დღეს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები კი იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველო გახდა მაჩანჩალა ე. წ. „ტრიოში“ – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. ლიდერის პოზიცია შევცვალეთ მაჩანჩალას პოზიციით, და ამას აღიარებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და, სამწუხაროდ, ჩვენ ნელ-ნელა კიდევ უფრო ვზრდით ამ განსხვავებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ და „ქართული ოცნების“ დეპუტაციას კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის ინტერესების განმსაზღვრელი ნაბიჯების გადადგმისაკენ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: არანაირი შერიგების მიზანი ოპოზიციას არ გააჩნია, მათ სურთ ერთი რამ – მიხეილ სააკაშვილის დახსნა მართლმსაჯულებისგან
შემდეგი სტატიაგვარამია: გამომძიებელმა მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები