„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა და პროცესს პოლიტიკური დევნა უწოდა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, პროცესებზე წარმოდგენილი მოწმეები დამაზუსტებელი შეკითხვების დროს იბნევიან.
„მოწმე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც ფაქტობრივად არაფერი თქვა, საბოლოოდ არაფერს არ ადასტურებს, არც პიროვნებას, არც დროსა და თარიღს.
ეს პროცესი მოგონილი და შეთითხნილია და თითოეულ ამ პირებს [მოწმეებს] თავიანთი როლი აქვთ. ძნელია ამ როლის შესრულებაც, რომ უდანაშაულო ადამიანს ხელი დაადო და მთელი ცხოვრება უნდა აიღო ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია ამ ადამიანებს უჭირთ. დამაზუსტებელი კითხვების დროს იბნევიან და ვერაფერს ვეღარ ადასტურებენ.
კითხვაც არ მქონია, ჩემზე თქვა რომ აქციაზე მისული ვიყავი. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იმდენად აზიანებს ამ ქვეყანას, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს უფრო მეტი საბოტაჟი წარმოიდგინო, ვიდრე ამ საქმის წარმოება და პოლიტიკური დევნაა.
მოწადინებულები უნდა ვიყოთ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირებები აღმოიფხვრას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ და მშვიდად უნდა შევხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას. წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ იმედიანად უნდა ვიყოთ გამსჭვალული“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.















