ბადრი ჯაფარიძე: ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებას მოიტანს “ლელო”

“ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებას მოიტანს ახალი ძალის და ახალი იმედის – „ლელოს“ მიერ ფორმირებული და „მარშალის გეგმით“ შეიარაღებული კოალიცია“-ამ სიტყვებით რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე „ლელოს“ მიერ გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას სამომავლო სტრატეგიები მიზნები და ამოცანები გააცნო.

როგორც ჯაფარიძის თქმით, ზუსტად 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველ მარვალპარტიულ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი თქვა კომუნისტური იმპერიის მონობაზე და ხმა მისცა დემოკრატიული ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მას შემდეგ მეტი ვანგრიეთ, ვიდრე ვაშენეთ. ეს რეალობა კი 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.

„სამწუხაროდ 30 წლის თავზე მეტად დავთითოკაცდით, ვიდრე შევკავშირდით; მეტად გავღარიბდით, ვიდრე წელში გავიმართეთ; დავცოტავდით და ვერ გავმრავლდით; დავსუსტდით და ვერ გავძლიერდით… 3 დღეში, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე გვეძლევა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითნგრევის პროცესის შეწყვეტის, შესაძლოა, უკანასკნელი შანსი. არჩევნებზე უნდა დავასრულოთ 9 წლიანი ფუნდამენტისა და 8 წლიანი ზედნაშენისგან შემდგარი მმართველობის მახინჯი სისტემა, რასაც დღეს „ოცნების“ ხელისუფლება ჰქვია. ივანიშვილის წასვლა სააკაშვილის მოუსვლელად ჩვენი პოლიტიკური იმპერატივია – უნდა მოხდეს 9+8 წლიანი სისტემის შეცვლა და არა ინდივიდების მორიგი როტაცია ამ სისტემაში. ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებას მოიტანს ახალი ძალის და ახალი იმედის – „ლელოს“ მიერ ფორმირებული და „მარშალის გეგმით“ შეიარაღებული კოალიცია. სახელისუფლებო კოალიციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებს ევროპული ორიენტაციის ყველა საპარლამენტო პარტია და პარლამენტის წევრი, მათ შორის, ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერებში ასიათასობით მოქალაქესავით იმედგაცრუებული და კანონთან პირნათელი პოლიტიკოსები,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ეპოქალური მნიშვნელობის ეროვნულ საქმეს „ლელოს“ 250 000-ზე მეტი რეგისტრირებული, ორგანიზებული და ღია მხარდამჭერი გააკეთებს.

„ ყოველი ჩვენგანი დარჩენილ დღეებში ლელოსთვის ხმის მიცემის გადაწყვეტილებაში დაარწმუნებს კიდევ ერთ მეგობარს, კიდევ ერთ ნათესავს, კიდევ ერთ მეზობელს და ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეთა ნახევარმილიონიანი არმია, 31 ოქტომბერს დავდებთ ლელოს საქართველოსთვის,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – “ქართული ოცნება” დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს!”