ბადრი ჯაფარიძე – მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ

ეს არის რთული პროცესი და მინდა გითხრათ, რომ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის ირგვლივ შეთანხმებამ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მომავალი – უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენლთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს კარგად და აუცილებლად დადგება შედეგი.

„გუშინ დანიელსონმა განაცხადა, რომ პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ამოცანა, რომელიც დღეს აქვს დანიელსონს, გულისხმობს იმას, რომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ. შესაბამისად, სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, პროცესი გაგრძელდება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრები ცდილობენ, რომ მხარეები შეგვათანხმონ. დედლაინების დაწესება ასეთ პროცესში არის ცუდი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაც ითქვა – ჩვენ გვესმის, რომ ასეთი მაღალი დონის ჩართულობა, რაც არის ევროპულის საბჭოს პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობა ამ პროცესში, იძლევა იმის გარანტიას, რომ შეთანხმება აუცილებლად შედგება. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პაკეტი, რომელიც მოიცავს უმნიშვნელოვანეს საკითხებს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პაკეტურ შეთანხმებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, საზოგადოებისთვის ცნობილი პოზიცია, რომელიც გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობის დამყარებას, საზოგადოების გამთლიანებას და შესაბამისად, ამ პოზიციის გადახედვას ჩვენ არ ვაპირებთ. თვითონ კონკრეტული მოლაპარაკების შინაარსი არ არის საჯარო განხილვის საგანი – ეს არის მედიატორების თხოვნა და ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით მას. ეს არის რთული პროცესი და მინდა გითხრათ, რომ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის ირგვლივ შეთანხმებამ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მომავალი. შესაბამისად, უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, პროცესი მიმდინარეობს კარგად და შესაბამისად ეს პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშივაშაძე პოლიტპატიმრებზე – ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი “ოცნებას” მერაბიშვილის საქმეზე აკრიტიკებს