საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის მეორე დღე ოპოზიციის შუამდგომლობების უარყოფით დასრულდა.
“ძლიერი საქართველო — ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა მტკიცებულებებით ედავება თითოეულ პოლიტიკურ გაერთიანებას.
„მეორე დღე სრულდება და გამუდმებით, დაჟინებით ვითხოვთ ყველანი, რომ გვითხრან და გაგვარკვიონ, რაში გვდებენ თითოეულ ამ პარტიას ბრალს. საუბარია 23-ე მუხლის დარღვევაზე, ოღონდ ამ მუხლის ჩამონათვალში რაც არის, არანაირი კავშირი არ აქვს მის დარღვევასთან — 23-ე მუხლში ეთნიკური შუღლის გაღვივებაზეა საუბარი. ასეთი რამ გაუკეთებია „ლელოს“? — არა, არ გედავებითო. დაგვიკონკრეტოს მოსარჩელემ და სასამართლოს ვთხოვთ, რომ დაგვიკონკრეტოს. სამწუხაროდ, ეს შუამდგომლობები არ კმაყოფილდება“, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

















