20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ბადრი ჯაფარიძე: აშშ საქართველოს შესახებ სრულად ინფორმირებულია და მისი ჩართულობა რეგიონში მნიშვნელოვანია

შეერთებული შტატები არის აბსოლუტურად ინფორმირებული ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში, მათი ინფორმირება უმაღლეს დონეზეა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-ის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

„რეგიონში აშშ-ის ღრმა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს, რომელთაც ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ, რადგან შეერთებული შტატების ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით არის ასევე უსაფრთხოების თემა. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რათა აშშ ასრულებდეს იმ უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში, რასაც ასრულებდა ისტორიულად, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, როგორც საქართველოს უსაფრთხოების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაში, რომელიც „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, მონაწილეობდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს“, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ ლიდერები. შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. სონატა კოლტერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ამერიკელი პარტნიორები ხედავენ, რომ რეჟიმის პირობებში ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია
შემდეგი სტატიაზახაროვა 9 მაისზე: ისტორიის გადახედვის მცდელობები არ გამოვიდა და საქართველო საკუთარი მეხსიერების დაცვას ახერხებს