ბადრი ჯაფარიძე – 30 წელია, პარლამენტის დარბაზში არ ვყოფილვარ

30 წელი გავიდა, ამ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაშინ ვიყავი უზენაესი საბჭოს წევრი. ყველა გამოწვევა დაგვრჩა სახელმწიფოში, რომლის გადალახვაც თავისუფლად შეგვეძლო ამ 30 წლის განმავლობაში, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ჯაფარიძის თქმით, კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა.

„სამწუხაროდ, ჩვენ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოვახერხეთ, ქვეყანა ოდნავ მაინც მიეახლოებინა ევროპული სტანდარტებისადმი. ახლა ევროკავშირის და შეერთებული შტატების მედიაციით მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ შევუერთდით, ჩვენს ქვეყანას აძლევს შანსს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება.

აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ ჩვენ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისთვის აუცილებელია, რომ დასრულდეს ყველა პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის საქმე. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს.

ბრიუსელში ​ევროპარლამენტარებთან და ევროკომისიაში შეხვედრებისას ვნახეთ, რომ ევროპელი მეგობრები მზად არიან, დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას მხარი იმისათვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის; მათ მიერ გაჟღერდა ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა შემოიღოს ე.წ. საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისათვის და საქართველო შესაძლოა, იყოს ამ საგზაო რუკის მიღების კანდიდატი. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში და ამ შემთხვევაში, მივიღებთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს 2022 წელს, რომლის შედეგადაც არჩეულ პარლამენტს ექნება ყველა უფლება, მიმართოს ევროკავშირს განაცხადით საქართველოს წევრობის კანდიდატად მიღების თაობაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშინავალნის ქალიშვილი ადამიანის უფლებების შესახებ ჟენევის ფორუმზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიავაშაძე – დიდი ნაბიჯი გადავდგით, რომ ქვეყანა დავიხსნათ პოლიტიკური კრიზისისგან