25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ბადრა გუნბა: მომავალში აფხაზეთი მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან აღიარებას ელოდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ რეგიონი მომავალში მსოფლიოს ყველა ქვეყნის მხრიდან აღიარების მიღებას ელოდება. აღნიშნული განცხადება მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (ПМЭФ) ფარგლებში გააკეთა.

გუნბას მტკიცებით, აფხაზეთის ამჟამინდელი სტატუსი დროებითია და გლობალური აღიარება გარდაუვალი პროცესია:

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი რესპუბლიკის არასრული აღიარება დროებითია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უდავოდ მივალთ იქამდე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაც აფხაზეთს სრულად აღიარებს. სხვა ვარიანტი არ იქნება. ეს არ არის რაიმე დარიგებით ან ზეწოლით ნაკარნახევი. ეს უბრალოდ კანონზომიერებაა, რომელიც ჯერ არავის გაუუქმებია“, — განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რეგიონის განვითარების ფონზე სხვა სახელმწიფოები „იძულებულნი იქნებიან მიიღონ ეს რეალობა“.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის – რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, სირია.

ასევე რამდენიმე სხვა შემთხვევა იყო აღიარების მცდელობის ან დროებითი დიპლომატიური ნაბიჯების დონეზე (მაგალითად, ტუვალუმ გარკვეული პერიოდი აღიარა, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება გააუქმა).

დანარჩენი მსოფლიო აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ტერიტორიად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად 400 ათასი ლარი დაიხარჯება
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს უბრალოდ არ სურს ომის დასრულება