ბაჩო კიკაბიძე: “მაესტროს” ვერ გააჩერებენ, ვიდრე პირში სული გვიდგას

შპს “ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორი ბაჩო კიკაბიძე მისთვის “მაესტროს” სახელის გამოყენების უფლების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მოსამართლეს სთხოვს, “ზეწოლას გაუძლოს”.

როგორც კიკაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგივე სარჩელზე იგივე მოსამართლემ გუშინ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
“დღეს, დღისით, მზისით, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი. სასამართლომ გუშინ მიიღო ერთი გადაწყვეტილება და დღეს, ზეწოლის შემდეგ მიიღო მეორე გადაწყვეტილება. შემეზღუდა დროებით “მაესტროს” სახელის გამოყენება. ეს იგივეა, რომ ადამიანს შეუზღუდო ვიღაცის გამო თავის შვილს არ დაუძახოს სახელი, ვიდრე არ გაირკვევა. აბსოლუტური აბსურდი მოხდა. ასეთი რამ არც ერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა”, – განაცხადა კიკაბიძემ.
მისივე თქმით, “მაესტროს” ვერ გააჩერებენ და მაუწყებლობა არც ერთი წუთით არ შეწყდება.

“სასამართლო ემსგავსება მხოლოდ შენობას, სადაც არის საოფისე ფართები. შეგიძლიათ მიხვიდეთ და იქირაოთ ის. მე მინდა ვთქვა, მაყურებლების და “მაესტროს” თანამშრომლების საყურადღებოდ – “მაესტროს” ვერ გააჩერებენ მანამ, სანამ იმ ადამიანებს, ვინც 20 წლის განმავლობაში “მაესტროს” აკეთებდა, პირში სული უდგას და ცოცხლები არიან. ასეთი რამ წარმოუდგენელია. შემიზღუდავენ სახელის გამოყენებას? მაუწყებლობას ვერ გამიჩერებენ. მე ილიას დამიძახებენ თუ ბაჩოს – ორივე სახელზე ვიყურები და გისმენთ. არც ერთი წამით არ შევაჩერებთ მაუწყებლობას”, – აღნიშნა კიკაბიძემ.

banner
წინა სტატიაში“წინასაარჩევნო პერიოდში ყველას აქვს დაინტერესება პოლიტიკური პროცესები მართოს და ამისთვის უნივერსიტეტი გამოიყენოს “
შემდეგი სტატია“ვერ მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაიდება თუ არა youtube-ზე რაიმე მასალა, მაშინვე წაშალოს”