ბაჩო დოლიძე: „ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა

ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.

როგორც ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი.

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ ნამდვილად ითამაშა თავისი როლი.

შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი პოლიტიკის, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. ეს შედეგი იქნება ახალი, ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული საქართველო. იქნება პოლიტიკური პარტია, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, ასევე იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავენ.

„არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ. ჩვენ გვექნება ჩვენებური ხედვა, შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას სრულიად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ. 2024 წლის არჩევნებისთვის ეს პოლიტიკური ძალა იქნება ბრძოლის ავანგარდში. ტექნიკურ დეტალებს რაც შეეხება, საუბარია ყრილობაზე და მსგავსი საკითხების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მთელი წლის განმავლობაში ვხედავთ რადიკალურ ცვლილებას ჩვენსა და პარტიის ახალ მენეჯმენტს შორის, ვერ გამოიძებნა საერთო ენა, შესაბამისად, სხვა დამოკიდებულება და ხედვა გვაქვს. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის პირობებში, ეს ყველაფერი შეუძლებელია“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიDRI 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას აჯამებს
შემდეგი სტატიაᲬაიკითხე ბესტსელერები უფასოდ SABA Reader-ში