ბაჩო ახალაიას ექსკლუზიური ინტერვიუ – სააკაშვილი, საჭირო დროს, საქართველოს მოსახლეობის გვერდით იქნება!”

ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო

BACHO-AXALAIA„უსისხლო რევოლუციის, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი _ ხელისუფლებაში დაბრუნების პრეცედენტი უნდა შექმნას“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდადებული ბაჩანა ახალაია და ენმ-სგან კიდევ ერთი პრეცედენტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს: პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმას.

რატომ ეუფლებოდა დეჟავუს შეგრძნება, როცა კორცხელის კადრებს უყურებდა? რას ასახელებს წინა ხელისუფლების შეცდომად? რატომ მიესალმება ანი ნადარეიშვილის გადაწყვეტილებას, არ იყაროს კენჭი? რას ჰპირდება გიგა ოთხოზორიას მკვლელს და კრემლის პოლიტიკის ხელშემწყობებს საქართველოში? რატომ მიაჩნია, რომ ქვეყანას  ხელისუფლება არ ჰყავს? როდის ელოდება საქართველოში მიხეილ სააკაშვილს? _ ამ და სხვა თემებზე ბაჩო ახალაიას მოსაზრებებს სწორედ „ქრონიკა+“-თან მის ინტერვიუში გაეცნობით:

 

_ ბატონო ბაჩო, ხურჩაში მომხდარი მკვლელობით უნდა დავიწყო: თქვენი განცხადება შეიცავდა ძალიან გასაგებ და კონკრეტულ გზავნილებს. როგორ ფიქრობთ, არის ხელისუფლება მზად, რომ ამ სახის გზავნილები ყურად იღოს?

_ ხურჩასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს და გავიმეორო ჩემი განცხადების აზრი: ამ მკვლელობის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება, დაისჯება მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო გავა დღევანდელი დღიდან და მიუხედავად იმისა, თუ დედამიწის რომელ წერტილში იქნება მიყუჩებული ის ცინიკური მკვლელი, ჩვეულებრივი ქუჩის ბანდიტი, რომელმაც გაბედა და საქართველოს მიწაზე, სრულიად ქართველი ხალხის თვალწინ მოკლა ახალგაზრდა კაცი…

რაც შეეხება იმას, ესმის თუ არა საერთოდ ჩვენს ხელისუფლებას ამ პრობლემის არსი, ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე რთულად გვაქვს: იმისთვის, რომ ხელისუფლებას ესმოდეს პრობლემის არსი და შემდგომ ჰქონდეს ამაზე რეაგირების გეგმა და უნარი, ის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ხელისუფლება უნდა იყოს.

ბევრმა გადაჭარბებად შეიძლება ჩამითვალოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს როგორც სუვერენულ, თავმოყვარე ქვეყანას დღეს არ ჰყავს სუვერენული ხელისუფლება. შეუძლებელია, ვინმეს ხელის კაცებით, მსახურებით დაკომპლექტებულ ადამიანთა ჯგუფს ვუწოდოთ ხელისუფლება. თქვენ როგორ გგონიათ, ამ ხალხს, კვირიკაშვილის ჩათვლით, საკუთარი თავი მიაჩნიათ ხელისუფლებად? რა თქმა უნდა, არა! მათ ჩვენზე კარგად იციან, რას წარმოადგენენ, იციან, რომ ერთი რუსის მსახურები არიან, შესაბამისად, მათგან რაიმე სახის სახელმწიფოებრივი ქცევა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

_ და მაინც, რა იყო ხურჩის მკვლელობის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი? დაუსჯელობის სინდრომით გამოწვეული სითამამე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, პასუხი ენის მოჩლექის პოლიტიკაზე, თუ ურჩი მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯის ჩვენება?

_ ნება მომეცით, თქვენი კითხვის ფორმულირებაში შესწორება შევიტანო: იმას, რასაც დღეს ივანიშვილის მსახური ხელისუფლება აკეთებს, არის არა მხოლოდ რუსეთთან ენის მოჩლექის პოლიტიკა, არამედ მეტი _ კრემლის პოლიტიკის სწორხაზოვანი და პირდაპირი გაგრძელება. ეს ე. წ. რუსეთთან დათბობის პოლიტიკა სინამდვილეში მხოლოდ კრემლის დავალებების შესრულებაა. მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ქართული უსაფრთხოების სამსახური „აღშფოთების“ გამოხატვით უნდა შემოიფარგლოს თურმე და მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ კვირიკაშვილის რაღაც აბდაუბდა, თითქოს ამ ტრაგიკული ფაქტით ვიღაც ხელს უშლის ე. წ. ვირტუალური შერიგების პროცესს. სამწუხაროდ, მთელი სურათის მხოლოდ ორი სიტყვით შეფასება შეიძლება, _ ეს არის სამარცხვინო კატასტროფა!

რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია ასეთი ცინიკური დანაშაული, ვფიქრობ, ამაზეც პასუხი ცალსახად ნათელია. ოკუპანტები, სეპარატისტები, ჩვეულებრივი ბანდიტები ატყობენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრულ მოშლას, დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია არც ერთი ინსტიტუტი, რომლიც უკომპრომისოდ დაიცავს ქართულ ინტერესებს რომელიმე დონეზე. საქართველოს ნებისმიერ ჯალათს არცთუ უსაფუძვლოდ აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ფიქრობს, რომ ვერავინ მოჰკითხავს პასუხს. ყოველივე ამის შემდეგ, რაც გიგა ოთხოზორიას შეემთხვა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ალბათ, არ არის რთული წარმოსადგენი, თუ რა დღეში არიან ეთნიკური ქართველები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დღეს ეს ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე ჩვენს მიწაზე ცხოვრობს როგორც მეორეხარისხოვანი მოქალაქე! მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, დღეს თუ ვერა _ ხვალ, ხვალ თუ არა _ ზეგ აუცილებლად ვაგებინებთ ადეკვატურ პასუხს საქართველოს ამ ჯალათებს.

ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ასეთი ვითარება არ იყო ძნელი წარმოსადგენი, როცა ივანიშვილის რუსული რეჟიმი პანტა-პუნტით იჭერდა, დევნიდა საქართველოს ნამდვილ ჯარისკაცებს, როგორც რომა შამათავას, ალეკო გორგაძეს, ზურა შამათავას, კობა თოდუას და სხვებს, როცა ამ რეჟიმის სიგიჟეს შეეწირა ისეთი ჯარისკაცების სიცოცხლე, როგორიც შალვა თათუხაშვილი იყო, ეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ ხდება, ასეთი პატრიოტები ისე გაანადგურეს, რომ საზოგადოებას ნერვიც არ შეტოკებია, თითქმის არავინ შეწუხებულა. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ოთხოზორიას მკვლელებისნაირებს, ასეთ ოკუპანტებს და სეპარატისტებს სწორედ ასეთი ქართველი ჯარისკაცები უშლიდნენ ხელს, სწორედ ამ ადამიანების მსგავს პროფესიონალიზმზე შენდებოდა, იდგა და ვითარდებოდა ჩვენი სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ყოფითი უსაფრთხოება.

უსაფრთხოება არ იქმნება მარტო ფურცლებზე დაწერილი დოქტრინებით და მერე კაბინეტებში მოდური სიტყვების რახა-რუხით. უსაფრთხოებას სჭირდება მოტივირებული, პროფესიონალი, გამბედავი ჯარისკაცები და სპეციალური სამსახურები.

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს თანამედროვეებს ასეთი ადამიანებისთვის მადლობა ეთქვათ, ზოგი ციხეში გამოამწყვდიეს სრულიად უსამართლოდ და უსინდისოდ, ზოგი ქვეყნიდან გააძევეს, ზოგიც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ასეთია დღევანდელობა და ნუ გვიკვირს, რომ ასეთ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ და საშიშ პირობებში გვიწევს ცხოვრება; ისეთ საქართველოში, რომლის შუაგულში კრიმინალებს უდგამენ ძეგლებს, ქართველ ჯარისკაცებს იჭერენ და დევნიან, უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს ცინიკურად თვალწინ გვიკლავენ. საბოლოოდ კი უნდა ითქვას, რომ ეს ვითარება შესაცვლელია და რაც შეიძლება სწრაფად. შეიძლება, ვინმეს ასეთი შეფასება გადაჭარბებად მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი ამას დაადასტურებს, როგორც ეს მოხდა 1991-92 წლებთან დაკავშირებით.

_ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურაც მატულობს. ამის დასტური კორცხელის ინციდენტია. დამნაშავეების დასჯას ხელისუფლება ვერ ახერხებს. ზოგმა კორცხელი მერეთისა და კარალეთის 2012 წლის ინციდენტებს შეადარა. თქვენ რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ ხელისუფლების მხრიდან მაშინდელ და ახლანდელ რეაგირებას შორის?

_ რაც შეეხება კორცხელს, ეს დიდი ხნით ადრე მაქვს ნანახი 2003 წლამდე სამეგრელოშიც, აჭარაშიც, თბილისშიც და მთელ საქართველოში. ძალიან კარგად მახსოვს, ზუსტად ასეთ დაპირისპირებაში დამარცხდა მაშინ ხელისუფლება. ამდენი წლის მერე თითქოს იგივე მეორდება. დღევანდელი გადასახედიდან იმის თქმაც კი რთული აღმოჩნდა, რომ სწორი იყო თუ არა ის, რომ შევარდნაძე-აბაშიძის კუნთმაგარი მოძალადეები არ დაისაჯნენ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაშინ ახალი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით არავინ დასჯილა იმ მოძალადეებისგან.

შეიძლება ეს იყო კიდეც ერთ-ერთი იმ შეცდომათაგანი, რაზედაც დღეს ასე უაზროდ მოდურია საუბარი. შეიძლება მაშინ ხელისუფლებას არც ჰქონდა იმ კუნთმაგარი მოძალადეებისთვის პატიების უფლება, შეიძლება მაშინ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას საერთოდ მოესპო მომავალშიც ამ სახის პოლიტიკური ძალადობა.

კორცხელის კადრებს რომ ვუყურებდი, დეჟავუს განცდა მეუფლებოდა, ძალიან ჰგავდა აბაშიძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დარბევას ბათუმში, დღევანდელი უფლებადამცველი გედევან ფოფხაძის მიერ „კმარას“ დარბევას ბორჯომში. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კორცხელში ახალი აქტორებიც იყვნენ, მაგრამ მოძალადეების იდეოლოგები, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დაზარალებული ოპოზიცია ზუსტად იგივე იყვნენ, ვინც 2003 წლამდე.

ხელისუფლების მხრიდან კორცხელის ინციდენტის ანალოგად კარალეთის მოყვანა არ ექვემდებარება რაიმე კომენტარს. ეს, უბრალოდ, იმ ბოღმიანი, ღვარძლიანი არგუმენტების კატეგორიიდანაა, რასაც ხელისუფლება იყენებს ყოველთვის, როცა  არაფერია სათქმელი.

მე არ ვარ ამ ქუჩური გარჩევების მკვლევარი, მაგრამ არა მგონია, ამ ინციდენტებს რამე ჰქონდეთ საერთო. მინიმუმ, ის ზუსტად ვიცი, რომ ტერმინი „ტურისტი სპორტსმენები“ პირველად გავიგე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლების მხრიდან ასეთი შედარების მცდელობა, თავის გამართლების მიზნით, არაფრის მომცემია. როგორც წესი, ნორმალური ხელისუფლება დღევანდელობას წარსულს მხოლოდ იმ შემთხვევაში ადარებს, როცა პროგრესისა და წინსვლის ჩვენება უნდა, ხოლო დღევანდელობის შეცდომებისა და დანაშაულების გამართლების მცდელობა რაიმე სახით წარსულზე აპელირებით, უბრალოდ, იდიოტიზმია.

ამიტომაც ამ მოძალადეების რეალური პასუხისმგებლობის დღეს დაყენება სრულიად გამორიცხულია. ხელისუფლება, ალბათ, შეეცდება, მხოლოდ ფორმალური გამოძიებით შემოიფარგლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქტომბრის არჩევნებისთვის ზონდერები, უბრალოდ, ვერ ეყოლება.

დღევანდელი გადასახედიდან კი ფიზიკური მოძალადეები _ ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება ივანიშვილისთვის ოქტომბრის არჩევნებზე. თუმცა მინდა, ძალიან მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ასეთი მეთოდების გამოყენების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში აუცილებლად წააგებს, ვინაიდან ივანიშვილის საზრუნავი არა საქართველოს მოქალაქეები არიან, არამედ მხოლოდ საკუთარი, პირადი მატერიალური ინტერესები.

ძალადობის ის ფაქტი, რაც მოხდა კორცხელში, პირველ რიგში, სწორედ „ოცნების“ სისუტეებს ააშკარავებს. ეს იყოს ოცნების პანიკის ნიშანი. ეს იმავე საღამოს დადასტურდა, როდესაც ენმ-მ კორცხელის არჩევნები მოიგო.

_ რას იტყვით ენმ საარჩევნო სიაზე? რამდენად კონკურენტუნარიანია იგი? ხომ არ დაგაკლდათ თვალში ვინმე, ან ვინმე ზედმეტად ხომ არ მიგაჩნიათ? იყო საუბარი ენმ სიის სათავეში თქვენი მეუღლის, ანი ნადარეიშვილის შესაძლო ხილვის თაობაზე, თუმცა, თავად ანიმ ეს ხმები უარყო. თქვენ რას ფიქრობთ, ხედავთ უახლოეს მომავალში ანის პოლიტიკაში თუ არა?

_ რაც შეეხება ენმ-ს სიის იმ ნაწილს, რომელიც უკვე ვიხილეთ, ანუ პირველ ათეულს, შეიძლება მისი მარტივად დახასიათება: ეს არის საკუთარ სფეროში უმაღლესი რანგის პროფესიონალთა გუნდი. ეს ახალი სია ნათლად უჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ უნარს, იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი, ვიდრე ადრე და ბევრად უფრო მიმზიდველი, ვიდრე მოქმედი ხელისუფლება. თქვენი კითხვა იმის თაობაზე, აკლია თუ არა ამ სიას ვინმე, თავისთავად კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ენმ-ს დღეს კვალიფიციური პროფესიონალების მიზიდვის იმხელა ძალა აქვს, რომ მისი სია ყველას, უბრალოდ, ვერ დაიტევს. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს სია პროგრესსა და მომავალზეა ორიენტირებული, ამავდროულად, ცხადი გარანტიაა იმისა, რომ როგორც წინა ხელისუფლება საარჩევნო პერიოდში, ასევე ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ საკადრო პოლიტიკა გადადის თვისობრივად სრულიად ახალ ხარისხზე, თანამედროვეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მომავალზე ორიენტირების გათვალისწინებით ქმნის შიდაპარტიული, დემოკრატიული კონკურენციის სისტემას, რომელიც მუდმივ განახლებასა და წინსვლაზეა გათვლილი.

ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ რჩება ფართო პლატფორმად ყველასთვის, განსაკუთრებით კი პატრიოტიზმისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს პარტია თანაბარ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლისთვის, ინდივიდუალური თვითგამოხატვისა და პოლიტიკური განვითარებისთვის.

რომ შევაჯამო, 2016 წლის საარჩევნო სია გარანტიაა იმისა, რომ 2020-ის, ან 2016-ის შემდგომ ნებისმიერი მორიგი საარჩევნო სია იქნება პროგრესირებადი და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო განვითარებადი. ამ თვალსაზრისით ყველაფერი კანონზომიერია. არ დაგვავიწყდეს, იმ ენმ-ს სიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ზოგიერთმა ჭკუასუსტმა ადამიანმა 2012 წელს თითქმის ლიკვიდირებულად გამოაცხადა.

რაც შეეხება ანის არჩევნებში მონაწილეობას, მე როგორც ვიცი, ანიმ თვითონ, თავის დროზე, სრულიად გასაგებად ახსნა საკუთარი პოზიცია გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით. როგორც მან თქვა, მას არასდროს ჰქონია პოლიტიკაში ამ სახით მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ის ნამდვილად არის იმ გონიერ და პატრიოტ ადამიანთა შორის, რომლებიც თავიანთ მნიშვნელოვან მოქალაქეობრივ როლს ითამაშებენ საერთო პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში. მე მომწონს მისი პოზიცია და დიდ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებებს.

_ ენმდან გასულ ყოფილნაციონალებზე“, ვინც არ გადაბარგებულაოცნებაში“, მაგრამ ენმსგან განცალკევება არჩია, რას გვეტყვით? როგორ უყურებთ ამგვარ გამოყოფას, ზოგადად?

_ რაც შეეხება პარტიის დატოვებას ცალკეული ადამიანების მხრიდან, რა შეიძლება ითქვას გარდა იმისა, რომ არ არის სასიამოვნო, მაგრამ რამე უფრო დიდი მასშტაბის შეფასებას, ვფიქრობ, არ იმსახურებს. ამავდროულად, ეს ხომ ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა.

წლების წინათ მიხეილ სააკაშვილმა სულ რამდენიმე ადამიანთან ერთად დააფუძნა „ნაციონალური მოძრაობა“, მას შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა ამ მოძრაობას, მერე ბევრმა დატოვა, მერე სხვები უერთდებოდნენ.  ასე რომ, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ცოცხალი პროცესია, ასე იყო, არის და თუ მომავალშიც მოხდება, არაფრისმთქმელი არ იქნება, გარდა იმისა, რომ ენმ ვითარდება, იცვლება და შიდაკონკურენციაც უფრო იხვეწება.  სხვა მხრივ პირადად მე დარწმუნებული ვარ, ქართულ პოლიტიკას შემდგომი განვითარებისთვის არა პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ზრდა სჭირდება, არამედ არსებული პლატფორმის გაძლიერება და გამრავალფეროვნება.

_ თქვენი აზრით, იქნება 2016 წელი გარდამტეხი საქართველოსთვის? რა ძალა მოვა ქვეყნის სათავეში და რამდენად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კოალიციური მთავრობა მივიღოთ?

_ რაც შეეხება 2016 წლის არჩევნებს, ენმ აუცილებლად გაიმარჯვებს. ამისათვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა. პრეზიდენტი სააკაშვილი, ჯერჯერობით, ვერ ჩამოდის თბილისში, ყველამ ვიცით, რატომაც, _ უბრალოდ, რუსული ხუშტურის გამო. დარწმუნებული ვარ, ის საჭირო დროს საქართველოს მოსახლეობის გვერდზე იქნება.

გამარჯვებისთვის მნიშვნელოვნია ენმ-ს გულწრფელი იდეა, პრინციპები და მონდომება. ივანიშვილი და მისი პარტია, რომლის ერთადერთი საზრუნავია ფული და მოსახლეობის ხარჯზე საკუთარი  ჯიბეების გასქელება, განწირულია მარცხისთვის.

ვინც რამდენი არ უნდა იწუწუნოს, რეალობა ჯიუტია _ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელმაც შექმნა ჩვენს ისტორიაში პირველი უსისხლო რევოლუციის პრეცედენტი, შექმნა ერთდროულად უსწრაფესი და უდიდესი პროგრესული გარღვევებისა და ბუნებრივად თანმდევი შეცდომების ისტორია, შექმნა პირველი პრეცედენტი პოლიტიკური მარცხისა და შედეგად ცივილიზებული, მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაცემისა, შესაბამისად, შექმნა უძლიერესი წნეხისა და დევნის პირობებში, როგორც ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ, ოპოზიციაში ყოფნისა და განვითარების ახალი კულტურა.

ახლა კი დგება დრო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნას საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი კარგი პირველი პრეცედენტი მშვიდობიანი ცივილიზებული გზით ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ამის შემდეგ ქვეყნის გამოცოცხლების, წარმატების ახალი ტალღის ისტორია.

ამავდროულად, დაამსხვრიოს კიდევ ერთი სტერეოტიპი, დაამკვიდროს კიდევ ერთი ახალი კულტურა _ გვაჩვენოს ყველას, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება შესაძლებელია და, ამავდროულად, შესაძლებელია პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმა.

ეს გარდაუვალია, რადგან ასეთია პოლიტიკური ცხოვრების კანონზომიერება, რადგან გუშინდელი მარცხი ხვალინდელ გამარჯვებად აუცილებლად იქცევა, თუ არსებობს საკმარისი ანალიზი, სურვილი და მონდომება.

თავის მხრივ, ამ არჩევნების მნიშვნელობა ისტორიული იქნება არა მარტო გამარჯვების თვალსაზრისით, არამედ მისი შემდგომი პროცესების გამო. დღეს საქართველო იმხელა კრიზისიდან არის გამოსაყვანი, რომელიც უფრო მეტ ენერგიას და თავდადებას საჭიროებს, ვიდრე ეს იყო თავის დროზე _ პირდაპირი მნიშვნელობით აუცილებელია ქვეყნის განათლება და კრიმინალისგან განთავისუფლება.

დღევანდელი ქართული საზოგადოება, კარგი გაგებით, უფრო პრეტენზიული და დახვეწილია, შესაბამისად, ბევრად უფრო კომპლექსური და რთული ამოცანების გადაჭრას ითხოვს, ვიდრე ეს ადრე იყო.

“ქრონიკა+”

ლაშა ბერულავა

 

 

 

banner
წინა სტატიაშიორმაგი ტერაქტი დამასკოში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს აღარ ჰქონდეს უმრავლესობაზე გავლენა პარლამენტში