ბაჩო ახალაია: “მეამაყება, რომ „ნაცად“ აღვიქვამ თავს”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ამბობს, „ეამაყება, რომ „ნაცად“ აღიქვამს თავს“. ამის შესახებ იმ ვიდეოშია საუბარი, რომელსაც მისი მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ანი ნადარეიშვილი ასევე, აზუსტებს, რომ აღნიშნული ვიდეო, დაკავებამდე ორი დღით ადრეა ჩაწერილი.

„ვისთვის როგორ, არ ვიცი, მაგრამ მე მეამაყება. დამაკნინებელი როგორ შეიძლება იყოს? ჩემთვის საამაყოა. არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, საქართველოში ვინმეს „ქოცობა“ ეამაყებოდეს. საერთოდ, შეუძლებელია, რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ან რომელიმე ხელისუფლების მომხრე იყო და ავტომატურად ნიშნავდეს რაიმე სახით დამაკნინებლობას საზოგადოებაში. ეს თავისთავადი უბედურებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დიქტატურის პირობებში, სადაც ადამიანების სხვა პოლიტიკური შეხედულება ავტომატურად ნიშნავს დამაკნინებელს. ეს არის დიქტატორული პროპაგანდის შედეგი, სადაც სერიოზული ძალით ახდენენ მოწინააღმდეგეების დეჰუმანიზაციას.

რაც შეეხება მინუსებს, ძალიან თავხედურად ვიტყვი, რომ მე არ ვიცი, რა მინუსებზეა ლაპარაკი. უნდა მობრძანდეს ნებისმიერი, ყველა კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც მინუსებს ეძებს, გადაიტანო ჩვენს ადგილზე, ჩვენს ეპოქაში და გაეკეთებინათ უკეთესად. ამაში უპირველესად ყოვლისა სცოდავენ ჩვენები. რაციონალური გონება ამბობს, „ნაცებიც“ ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. ვინ ამბობს? ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს. მე მაგას არ ვამბობ. მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არსად არაფერი გამოვიდოდა. იმ გზას, რაც გამოვიარეთ, ვერ გამოვივლიდით, რომ ასეთი თავზე ხელაღებული, თავდადებული გზა არ გაგვევლო“, – აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ომს აჭიანურებს
შემდეგი სტატიაიულია ტიმოშენკო 761 ათას დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა