სუს-ში ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით მემუქრებოდნენ, ხელი დაადე ზოდელავა-ბურჭულაძესო და ამ ამ პროცესს ხურავთ? – ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ბაჩო ახალაია მოსამართლე მეია მელქაძეს მას შემდეგ, რაც მან პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.
ახალაიმ თქვა, რომ სუს-ში მას ტერორი მოუწყეს, თუმცა ამის მიუხედავად მეგობრებს ხელი მაინც არ დაადო.
15 წუთი მომცეს იმისთვის, რომ მურთაზ ზოდელავასთვის და პაატა ბურჭულაძისთვის დამედო ხელი – თქვა სხდომაზე ყოფილმა ძალოვანმა და პროკურორს მიმართა – “ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, იმათ გადაეცი, საფლავიდან ამოვთხრი”.
რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? რა არის მიზანი? იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ ვინ არის და არ არის დამანშავე?ან ის, რომ მე რა არგუმენტები მაქვს, რომ ვერ გაიგონ? მაკვირვებს და მაინტერესებს რა საფუძვლით ხურავთ? ანის გაძევებაც ვერ გავიგე? ბრალდებულია? ვერ გავიგე მისი სატატუსი! ყველა ინტერესში უნდა შედიოდეს რა დევს ამ საქმეში? მოკლედ თუ გნებავთ მეც არ დავესწრები. არც ჩემს მეუღლეს ასწრებთ.
სხვათაშორის ქალბატონო მეია – რამდენიმე საათის წინ ამ დახურვასთან დაკავშირებითაც იყო უცნაური რაღაცეები -ჯერ ადვოკატებს მოაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე. მინდა საჯაროობა, მინდა ყველამ ნახოს რა მტკციებულებები დევს ამ საქმეში.
ჩემს მეუღლეს დაატოვებინეთ დარბაზი – რამდნიმე საათია მას შემდეგ გასული, რაც ის დააკავეს ჩემთან ერთად და სუსის შენობაში მითხრეს, რომ ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან პაატა ბურჭულაძეს და მურთაზს ამხელთ ძალადობაშიო. ეს მითხრეს პირდაპირ. ცოლს დავიჭერთო და 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლადო.
მე მითხრეს გასაგებად რომ ან იტყვი, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს მურთაზი და სხვები, თორე დავიჭერთ შენს ცოლსო. დროს მაძლევდნენ 10 წუთი, 15 წუთი, გესმით? და ამ პროცეს ხურავთ? სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭრით და შვილის ობლად დატოვებით იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებზე არ მივეცი ჩვენება? უნდა მეთქვა თითქოს ჩემი მეგობრები იყვნენ მოძალადეები, არა ვუთხარი. ამის მერე მითხრეს, რომ შენი შვილი დარჩება ობლადო. ეს არია ტერორიზმი. საფლავიდან ამოვთხრი – ასე შევუთვალე ვინც ეს შემომითვალა. სახელების და გვარების დახურვა გინდათ?
პრეცედენტი ამის ვერ ვიპოვე, რაც კაცს უთხრეს რომ შენ თუ შენი ძმაკაცების წინააღდმეგ არ მისცემ ჩვენებასო. სტალინის ეპოქა გამახსენდა.
13 წლის ძმისშვილი აიყვანეს მძევლად. ტერორისტია ის, ვინც ამას აკეთებს და რომელიც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა. ვინც ეს დაგავალა გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი [მიმართა პროკურორს].
რა შუაშია ჩემი ცოლ-შვილი. ტერორისტები ხართ, ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანეს. მე კი ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ სხდომის დახურვამდე.
ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. სხდომა მანამდე დაატოვებინეს ახალიას ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.
















