დღეს იწყება ივანიშვილის პირადი პროცესი, სადაც ის თავად არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც რაიმენაირად ამტკიცებს იმას, რასაც ივანიშვილი ტირაჟირებს.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის და ივანიშვილის ინტერესი მხოლოდ მის ქონებაზე ნადირობაა.
„დღეს იწყება ივანიშვილის პირადი პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც. ალბათ, უნიკალური პროცესია, სადაც თავად მომჩივანიც არის დასანქცირებული დემოკრატიის უკუქცევისთვის ქვეყანაში, მთავარი პროკურორია დასანქცირებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სასამართლოს ხელმძღვანელი პირები არიან დასანქცირებულები კორუფციისთვის. აპოთეოზია, თუ როგორ არ უნდა მოქმედებდეს სამართლებრივი სასამართლო.
არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც რაიმენაირად ამტკიცებს, ან ამყარებს იმ ფაბრიკაციას და ტყუილებს, რომელსაც ივანიშვილი ტირაჟირებს. რომ არა ივანიშვილის პოლიტიკური სრული ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა პროკურატურასა და სასამართლოზე, ეს საქმე განხილვაშიც კი არ იქნებოდა.
ივანიშვილს ისტერიული შიში ჰქონდა გამოჩენის, ვერ მოდის და სინგაპურის სასამართლოებში მოიგონეს ყველანაირი მიზეზი, რათა რაიმენაირად არ გამოჩენილიყო. ექიმის ცნობები და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევა აქაც, არ მოვა, ან დისტანციურად ჩაერთვება, რაღაცას მოიგონებენ, რატომ არ უნდა მოვიდეს. მოსამართლეს რასაც უბრძანებენ იმას გააკეთებს.
პროკურატურას აინტერესებს მხოლოდ ჩემს პირად ქონებაზე ნადირობა და როდესაც გახდა ცნობილი, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის და საერთოდ საქმეც არ ვიცოდი თავიდან რას ეხებოდა და როდესაც მივხდი, ეს იყო ფაბრიკაცია, შესაბამისად მე არ შევუწყობდი ხელს არც პროკურატურას, არც ივანიშვილს, რომ ჩემს პირად ქონებაზე ინადიროს. მე ბევრ ბანკში მაქვს თანხა და აქტივები განთავსებული, ეს არ აის საიდუმლო, უბრალოდ მე და შვეიცარიის სახელმწიფო არ გახდება ივანიშვილსიხ ელში შურისძიებსი იარაღი”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.