იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 11 ივლისს „გლდანის ციხეში“ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ცემა შესაძლოა ინსცენირებული იყოს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ. ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც“, – წერია განცხადებაში.
ამავე განცხადებით ირკვევა, რომ იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, თანამდებობა დატოვეს გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ გ. ქემოკლიძემ.

















