ბაჩანა შენგელია – გამოძიების იმედი გვაქვს და სრულად ვითანამშრომლებთ მათთან

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ მთავარი პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, შენგელიამ განმარტა, რომ გამომძიებლებს საქმის დეტალები გააცნო.

ბაჩანა შენგელია პროკურატურისგან მოითხოვს, განათლების მინისტრისა და განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. შენგელია მინისტრსა და მის წარმომადგენლებს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება, ის ასევე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევაზე და ცალკეული დოკუმენტების, მათ შორის საქმეში არსებული ყალბი ანონიმური წერილის არსებობაზე საუბრობს.

როგორც ზუგდიდის სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი აცხადებს, გამოძიების დასრულებამდე, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ განათლების სამინისტროსა და ინსპექტირების სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, რათა გამოძიების დროს სამსახურებრივად ბოროტად არ ისარგებლონ.

„გამომძიებლებს მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ზეპირი განმარტებები საქმესთან დაკავშირებით. იყო კითხვები საქმის ირგვლივ. მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია დამნაშავეების შესახებ. რაში გამოიხატა, როდის დაიწყო და რა მუხლებით არის ეს შესაძლო დანაშაული ჩადენილი. ასევე გვქონდა საუბარი, რომ პროკურატურას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ამ საქმეზე სხვადასხვა დამატებით მტკიცებულებას. მათ აქვთ ყველა სამართლებრივი საფუძველი, რომ გამოძიება უკვე დაიწყონ. ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყოს. ობიექტური გამოძიების პირობებში, ძალიან მარტივად შეიძლება დადგინდეს დამნაშავეთა ვინაობა. ჩვენ იმედი გვაქვს გამოძიების და სრულად ვითანამშრომლებთ მათთან“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. მანამდე, სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში,, დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ, ამ ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, თქვენთან ერთად წამოვალ, არ მეშინია”
შემდეგი სტატია“შენ კიდევ გჯერა სანტასი?”- ტრამპის პასუხი ბიჭუნას რომელიც კლაუსს ეძებდა