ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით უმძიმესი პროგნოზები კეთდება.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, თუ მოქალაქეებს პროცესისადმი ნდობა არ დაუბრუნდებათ, აზრი ეკარგება პოლიტიკოსების თუ პარტიების არჩევნებში მონაწილეობას. კოალიციამ უკვე შეიმუშავა 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებასაც ქუჩის წნეხით აპირებს.
„გამოვაქვეყნეთ ექვსი პუნქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ წარმოგვიდგენია საარჩევნო პროცესისთვის ნდობის დაბრუნება, რათა მოქალაქისთვის აზრი ჰქონდეს საარჩევნო უბანზე მისვლასა და ხმის მიცემას. ამას უნდა მივაღწიოთ წნეხის გაზრდით და, პირველ რიგში, ეს წნეხი უნდა იყოს ქუჩიდან. ჩვენ გვჭირდება ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში“, — აცხადებს ჯაფარიძე.
პოლიტიკოსის განმარტებით, მოთხოვნებს შორის უმთავრესია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნება და საარჩევნო კომისიის პარიტეტით დაკომპლექტება.
„თუ ესენი შესრულდება, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან არჩევნებად. სხვა შემთხვევაში, რომელიმე ჯგუფი შევა თუ არა არჩევნებში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, — დასძინა მან.
















