სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სომხური წარმომავლობის მომღერლის შარლ აზნავურის დაკრძალვის დღე სომხეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. მან, ასევე, მიუსამძიმრა მსახიობის ოჯახს. “აზნავურის გარდაცვალების დღე მძიმე და ტრაგიკულია სომეხი ხალხისა და მისი ისტორიისთვის” – დაწერა პრემიერმა და მომღერლის გარდაცვალებას “ზოგადსაკაცობრიო დანაკარგი” უწოდა.
ფრანგი მომღერალი და სიმღერების ავტორი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. აზნავურმა სცენაზე 80 წელზე მეტი დაჰყო.
არტისტი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ იაპონიაში საკონცერტო ტურიდან დაბრუნდა, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მაისში ის ძვლის მოტეხილობის გამო საავადმყოფოში მკურნალობას გადიოდა.
შარლ აზნავური 1924 წელს პარიზში, სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მას 1200-ზე მეტი სიმღერა აქვს შესრულებული შვიდ ენაზე, კონცერტები 94 ქვეყანაში ჰქონდა, მისი ფირფიტები 180 მილიონზე მეტია გაყიდული, თამაშობდა 60-ზე მეტ ფილმში. სამჯერ იყო დაქორწინებული და ყავს ექვსი შვილი.