ნათია თურნავა – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ რეალურ ბრენდად იქცა

საქართველო ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც აერთიანებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, დღესაც ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი უკვე განახლებული აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფორუმი წელს მესამედ ტარდება საქართველოს დედაქალაქში და მისდამი ინტერესიც სულ უფრო იზრდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე რეალურ ბრენდად იქცა. წელს ჩვენ მესამედ ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. ჩამოსულია 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი მონაწილე. ფორუმი სხვადასხვა ქვეყანას საშუალებას აძლევს, იმსჯელონ ასეთ ფორმატში მთავრობებს შორის, ბიზნესს შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დერეფნის მომავალზე, როგორ გახდეს ის უფრო მიმზიდველი, უფრო კონკურენტუნარიანი როგორც ტვირთებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, ტურისტებისთვის, საინფორმაციო ნაკადებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ ეს ხდება თბილისში. მისი შეფასებით, ინტერესის ზრდა მოწმობს, რომ ფორუმი წარმატებულია.

თბილისში დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ფორუმში მონაწილეობენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 200-ზე მეტი B2B შეხვედრა გაიმართება.

ასევე, ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თემებზე.

banner
წინა სტატიაშიშიქსინ ჩენი – საქართველომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა, ბიზნესის კეთების რეიტინგში ქვეყანას მაღალი ადგილი უკავია
შემდეგი სტატია“თუ ოხანაშვილს კონსტიტუცია არ ახსოვს, გადაიმეოროს”