აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გაყვანილი ბილიკი ქვებით მოაპირკეთა

დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გაყვანილი ბილიკის გამაგრება დაიწყო. ჩიჩხიტურის კოშკამდე ბილიკს, დაახლოებით, 100 მეტრი აშორებს. ამ დროისთვის კოშკამდე მისვლა შესაძლებელია.

გზის გამაგრების სამუშაოების პარალელურად, საზღვრები არ მოხსნილა არც უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზაზე. უძველესი მონასტერი ისევ ჩაკეტილია და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არც სასულიერო პირებს და არც მომლოცველებს ტაძრებთან არ უშვებენ.

„ის გზა ხომ ბოლომდე არ მოდიოდა ჩიჩხიტურამდე, იქიდან, იმ გზიდან ბილიკი გამოაგრძელეს, დაახლოებით, 100 მეტრი იქნება ის ბილიკი, რომელიც უერთდება, თითქმის, ქედთან ძველ ბილიკს, რითაც წლებია, სარგებლობენ იმათი მესაზღვრეები. მათ სასაზღვრო ბაზა სადაც აქვთ, იქიდან, საიდანაც დადიან, იმას უერთდება. წინა დღეებში გააკეთეს. ჩიჩხიტურთან მოდის, უერთდება ძველ ბილიკს და მოდის. ჩიჩხიტურამდე, იმედია, ქვაფენილს არ დააგებენ, ქვებს არ დაალაგებენ,“ – განაცხადა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა.

გიდები ამბობენ, რომ ტურისტები ვერ ნახულობენ იმ ადგილებს, რაც ყველაზე მეტად ლამაზი და საინტერესოა. ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ადგილობრივი მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია და გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.

„საკმაოდ ცუდი ვითარებაა, შეგვიძლია, ვთქვათ იმიტომ, რომ არ გვაქვს კონკრეტულ შემთხვევაში ტურისტებთან იმაზე საუბარი, რომ ვერ გადავდივართ, ცუდია, ქართულია და რომ ვერ გადავდივართ, ცუდია. ზოგადად, რომ ვერ ვნახულობთ, უკვე ცუდია, არ აქვს მნიშვნელობა აქვს ქართულია თუ ალბანური, როგორც ამტკიცებენ. ვერ მივდივართ იმ ადგილებში, რაც ყველაზე მეტად ლამაზი და საინტერესოა. უდაბნოს მონასტერზე, სამწუხაროდ, ძირითადად არ მიგვიწვდება ხელი და აღდგომის მონასტერს, რაც შეეხება, ეგეც გარკვეულწილად, შეუძლებელია ხოლმე,“ – განაცხადა გიდმა ირაკლი მარიხაშვილმა.

უდაბნოს მონასტრამდე გზა 30 მაისის შემდეგ არის ჩაკეტილი, რაც შეეხება გზას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიყვანა აზერბაიჯანულმა მხარემ, მისი ქვით მოპორკეთება ორი დღის წინ დაასრულეს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის მოქალაქე სოფელ გერგეტთან გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიახანძარი ქუთაისში – ცეცხლი ორ სართულიანი სახლის სხვენში გაჩნდა