აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა (პარლამენტმა) მესამე მოსმენით მიიღო „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმებზე ბავშვების რეგისტრაციის ახალ მოთხოვნებს აწესებს. კანონპროექტი ხელმოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება.
ახალი რეგულაციების მიხედვით:
16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის პლატფორმებზე ინდივიდუალური ციფრული ანგარიშების შექმნა დაუშვებელი იქნება.
ანგარიშის გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური მეთოდებით დადასტურდება, რომ მომხმარებელი 16 წლის ან უფროსი ასაკისაა.
16-დან 18 წლამდე მოზარდების ციფრულ ანგარიშებში გაკონტროლდება ის კონტენტი და რეკლამები, რომლებსაც არასრულწლოვნები ხედავენ.
სოციალურ პლატფორმებს ეკრძალებათ არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.
იმ პლატფორმების სიას, რომლებზეც აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დანიშნული ორგანო განსაზღვრავს.


















