აზერბაიჯანში ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტიის გამოცხადება იგეგმება. შესაბამისი ინიციატივა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ეკუთვნის და ის 20 ათასზე მეტ პატიმარს შეეხება.
ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ოპერაციებში, მათ შორის 2023 წლის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. გადაწყვეტილების მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ ასევე სპეციალური ოპერაციების დროს დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახლო ნათესავები.
ამნისტია შეეხება 60 წელს გადაცილებულ ქალებს, ასევე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს. ოფიციალური განმარტებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს როგორც ჰუმანიტარული, ისე სოციალური ფაქტორების გათვალისწინებას.
ხელისუფლების ინფორმაციით, ინიციატივა უკავშირდება სახელმწიფო ღონისძიებებსა და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეთა წვლილს, თუმცა ამნისტიის კრიტერიუმები და საბოლოო სია კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრება.
დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული ამნისტია აზერბაიჯანში პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს.

















