10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

აზერბაიჯანში დააკავეს პირები, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად აღკვეთილი იქნა ტერორისტული და დივერსიული აქტების განხორციელების მცდელობები, ასევე, ქვეყნის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ხორციელდებოდა.

მედია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ საზოგადოებაში პანიკის დათესვისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით სამიზნეებად შერჩეული იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, აზერბაიჯანში ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის მოქალაქეები აზერბაიჯანის მოქალაქესთან კრიმინალური კავშირის დამყარებით ქვეყანაში შევიდნენ და ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები უკანონოდ შეიტანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული წინასწარი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტერორისტული გეგმები აღკვეთეს.

სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი საქმის ოთხ ფიგურანტზე. ტარხან გულიევს, ნიჯატ აგაევს, ასად აბდულაევს და რაშად რუსტამოვს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

აზერბაიჯანმა ასევე საქმის ფიგურანტ ირანის 4 მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ აზერბაიჯანში სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული მოქმედებების მომზადებას ედავებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უცხოეთის სპეცსამსახურების ტერორისტული და დივერსიული გეგმების გამოვლენის მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

საქმის ფარგლებში დაკავებულმა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ბრალი აღიარეს და განაცხადეს, რომ ასრულებდნენ IRGC-თან დაკავშირებული პირების დავალებებს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
შემდეგი სტატიახარკოვში საცხოვრებელ შენობაზე რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა