აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აღნიშნული ზომა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შეკავებისა და მისი შესაძლო შედეგების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვარი, რომელიც 2020 წლიდან ჩაკეტილია, შემოდგომამდე კვლავ არ გაიხსნება.
სახმელეთო საზღვრის დაკეტვის მიუხედავად, ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა საქართველოდან, რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან კვლავ ნებადართულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში COVID-19-ის გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება. სახმელეთო საზღვრისგან განსხვავებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წლის 26 მაისიდან ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლაც დაიწყო.
















