აზერბაიჯანი, რომელმაც გასულ წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, ახლა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ერთ-ერთ წინაპირობად საზღვართან მდებარე, სომხეთის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი სოფლის უპირობოდ გადაცემას ითხოვს.
ეს ტერიტორია საქართველოს საზღვართან ახლოსაა. მასზე გადის თბილისი-ერევნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზა და, ასევე, რუსეთიდან მომავალი „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს კვეთს და სომხეთს გაზით ამარაგებს.
სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი მიანიშნებს, რომ მზადაა, ეს ტერიტორიები დათმოს. მარტივად აგიხსნით:
რა ტერიტორიას ითხოვს აზერბაიჯანი და რატომ;
რას ამბობენ სომხეთის მთავრობასა და ოპოზიციაში;
რას შეცვლის ამ ტერიტორიების გადაცემა;
რა ელის სომხეთ-საქართველოს სტრატეგიულ კომუნიკაციებს?
მოლაპარაკებები და სასაზღვო საკითხი
მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პარალელურად, – რასაც რეგიონის ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვა, – სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობენ.
მოლაპარაკებები, – ჯერ მოსკოვის, შემდეგ ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვათა მედიაციით, ბოლოს კი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთი-ერთზე დარჩენით, – უკვე მრავალი თვეა, იწელება.
ერთ-ერთი ფორმატი, სადაც მხარეები მცირედით მაინც მიიწევენ წინ, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების სხდომებია. ბოლო სხდომა წინა ხუთშაბათს, 7 მარტს გაიმართა.
სომხეთი ხშირად აცხადებს, რომ აზერბაიჯანს, 2021-22 წლების აგრესიის შედეგად, უკანონოდ აქვს ოკუპირებული სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი, 215 კვადრატული კილომეტრი – 31 სომხური სოფელი სასაზღვრო მიდამოებში. ეს ცნობები 7 მარტის შეხვედრის შემდეგაც გავრცელდა.
სომხეთის პოზიციით, მხარეებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სომხეთის პოზიცია უხეშად რომ შევაჯამოთ, ასეთია: თუკი მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს ოკუპირებული სოფლები აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიად უნდა აღიაროს და ოკუპაცია შეწყვიტოს.
კომისიის ბოლო სხდომიდან 2 დღეში, 9 მარტს, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის ოფისმა გაავრცელა განცხადება და „დეზინფორმაცია“ უწოდა ცნობებს „31 სომხური სოფლის ოკუპირების“ შესახებ.
მუსტაფაევი კომისიების მოლაპარაკებებში აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობს.