25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

აზერბაიჯანი ისრაელის მთავრობას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

ისრაელის მთავრობის მიერ ე.წ. „სომეხთა გენოციდთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სერიოზული შეშფოთების საკითხია, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა, რომელსაც არ გააჩნია მყარი სამართლებრივი ან სამეცნიერო საფუძველი, მიუღებელია“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, ასეთი ქმედებები ძირს უთხრის რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებს.

„ასეთი ქმედებები ხელს არ უწყობს შერიგებას ან ურთიერთგაგებას. პირიქით, ისინი აღრმავებენ არსებულ დაყოფას და ძირს უთხრიან რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებს. მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარების შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ისინი, ვინც პროევროპულობას იბრალებენ, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები
შემდეგი სტატიანიკა ჩერქეზიშვილი: უნდა დაიწყოს დედაქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ყველა ადგილის სრული ინსპექტირება