16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაზრდას გეგმავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის მზადაა, ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ალიევის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს გაზის მოპოვების დამატებით 10 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდას, რაც ევროპული ბაზრისთვის ენერგოუსაფრთხოების დამატებითი გარანტია გახდება.

ცნობისთვის, ამჟამად აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის ნახევარი სწორედ ევროპულ ბაზარზე მოდის, სადაც ქვეყანა უკვე 10 სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიას ამარაგებს.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ წარმოების ზრდა რამდენიმე ახალი საბადოს ამუშავებით და არსებულების გაფართოებით გახდება შესაძლებელი. კერძოდ, მიმდინარე წელს დაიწყება გაზის მოპოვება აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ზონაზე. ამასთან, აბშერონის საბადო მომდევნო 2-3 წელიწადში სრული დატვირთვით ამუშავდება. რაც შეეხება უმიდის საბადოს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში მისი მეორე ფაზის გაშვება იგეგმება. 2028 წლისთვის ამოქმედდება შაჰ-დენიზის საბადოს გაფართოებული ნაწილი. ალიევის თქმით, ეს პროექტები ქვეყანას საშუალებას მისცემს, ჯამური ექსპორტი 2027 წლისთვის, წლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე აიყვანოს, რაც 2022 წელს ევროკომისიასთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის მთავარი მიზანია.

ბაქოში ვიზიტით მყოფმა ანტონიუ კოშტამ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის, როგორც ევროკავშირის საკვანძო პარტნიორის როლს, განსაკუთრებით ირანის ომით გამოწვეული გლობალური ენერგეტიკული არასტაბილურობის ფონზე. კოშტამ აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის ენერგოარქიტექტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა მიწოდების ტრადიციული ჯაჭვებისა, მხარეებმა განიხილეს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტიც, რომელიც მიზნად კასპიის ზღვის განახლებადი ენერგიის ევროპაში ტრანსპორტირებას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით ისახავს.

banner
წინა სტატიაშისაბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საამიროების დატოვებისკენ მოუწოდებს