სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, სადაც წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარეობს, მიწის ქვედა ფენებში შესაძლოა აზბესტის შემცველი ძველი მასალები აღმოჩნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველი ეხმაურება.
“ვინაიდან ისტორიულად თბილისის წყალარინების ქსელში აზბესტცემენტის მილები გამოიყენებოდა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ასეთი მასალების გამოვლენის ალბათობა მაღალია.
სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა, რომლის ზემოქმედებაც მძიმე დაავადებებს, მათ შორის მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოს იწვევს. რისკი განსაკუთრებით იზრდება მექანიკური დამუშავების — ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს.
ომბუდსმენის განცხადებით, რუსთაველის გამზირი ქალაქის ცენტრალური ნაწილია, სადაც 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი იწყება. სამუშაოების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს პირველი კლასიკური გიმნაზია და №47 საჯარო სკოლა, რაც აზბესტის მტვრის გავრცელების შემთხვევაში ბავშვებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის მერიას მოუწოდებს:
პირველ რიგში, დაადგინონ, შეიცავს თუ არა სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა აზბესტს.
აზბესტის დადასტურების შემთხვევაში, სრულად გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, დასაქმებულები უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით, ხოლო ნარჩენები შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში.
განხორციელდეს საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება გატარებული ღონისძიებებისა და მართვის გეგმის შესახებ”,_ აცხადებს სახალხო დამცველი.














