აზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება

პარლამენტის მიერ აზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება. ინიციატივა სწორედ გოგიჩაიშვილს ეკუთვნის.

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტში შემავალ ერთ-ერთ ნორმას არ იზიარებს, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს.

დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხარს პრემიერიც უჭერდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ სწორედ იმის გამო ჩააგდო, რომ ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი იყო.

ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერს მოუწოდებს, აღნიშნული კანონპროექტი კვლავ დარეგისტრირდეს პარლამენტში განსახილველად.

„დაახლოებით, ყოველი მეორე 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდას აქვს შეხება ონლაინ აზარტულ თამაშებთან. საერთო ციფრი მოთამაშეების არის ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი. კანონპროექტი არის გამზადებული, კანონპროექტი არის შეთანხმებული, არსებობდა პრემიერ-მინისტრის სიტყვა, რომ ეს კანონპროექტი შემოვიდოდა და ასევე იყო კანონპროექტი, რეკლამის შესახებ, რომელიც იყო მთავრობასთან ერთად შემუშავებული, რომელიც მხოლოდ იმის გამო ჩააგდეთ, რომ მე ვიყავი ინიციატორი. ამიტომ, მე მივმართავ ბატონ მამუკა ბახტაძეს, იქით კვირაში ან ორი კვირის განმავლობაში, ძალიან გთხოვთ აღნიშნული კანონპროექტი შემოიტანონ საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას
შემდეგი სტატიავიტალი საფაროვის მკვლელობა – სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო