24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

Axios-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან

გამოცემა Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან.

გამოცემის წყაროების ცნობით, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ აშშ და ირანი ომის დასრულებისა და დეტალური ბირთვული მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი ჩარჩოს შექმნის შესახებ ერთგვერდიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას უახლოვდებიან.

წყაროების განცხადებით, აშშ ირანისგან მთავარ საკითხებზე პასუხს მომდევნო 48 საათის განმავლობაში ელის და ჯერ მხარეები არაფერზე შეთანხმებულან.

გამოცემასთან საუბარში წყაროებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესებას და აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნასა და გაყინული ირანული თანხების გამოთავისუფლებაზე თანხმობას ითვალისწინებს. ასევე, დოკუმენტი ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოიცავს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ თეთრ სახლში ბევრი მაღალჩინოსანი სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ შეთანხმების მიღწევა მოხდება.

14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანელ ოფიციალურ პირებთან როგორც პირდაპირ, ისე შუამავლების მეშვეობით აწარმოებენ.

მემორანდუმის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულებულად გამოცხადდება და 30-დღიანი მოლაპარაკებების პერიოდი დაიწყება ჰორმუზის სრუტის გახსნის, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნის შესახებ დეტალური შეთანხმების მიღწევის მიზნით.

შესაძლოა, მოლაპარაკებები ისლამაბადში ან ჟენევაში შედგეს.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები და აშშ-ის საზღვაო ბლოკადა 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში თანდათანობით მოიხსნება.

ასევე, ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, მორატორიუმის ხანგრძლივობა 12 ან 15 წელი იყოს. ირანმა აშშ-ს 5-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა, ხოლო აშშ-მა ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმი 20 წლის ვადით მოითხოვა.

აშშ-ს სურს შეთანხმებაში დებულება დაამატოს, რომლის მიხედვითაც ირანის მიერ ნებისმიერი დარღვევა მორატორიუმს გაახანგრძლივებს. ამასთან, ირანი მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ ურანის 3.67%-მდე გამდიდრებას შეძლებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმით ირანი ვალდებულებას აიღებს, რომ ბირთვული იარაღის მოპოვებას არასდროს ეცდება და ასევე, გაერო-ს ინსპექტორებს ბირთვული ობიექტების შემოწმების უფლებას მისცემს.

banner
წინა სტატიაშიADB-ის მთავარი ეკონომისტი: საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფასების შემცირების კუთხით, გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი: პოლიტიკური ხმაურის გარდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშს სხვა მნიშვნელობა არ აქვს