ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა შესაძლოა აიკრძალოს

სპეციალურ ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის შესაძლებლობები კიდევ უფრო კონკრეტდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის განხილვაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
საკითხის ინიციატორის, პარლამენტის წევრ სოსო ჯაჭვლიანის ინფორმაციით, მოქმედი კანონიდან ამოდის ჩანაწერი “თუ ქმნის საავარიო სიტუაციას”, რაც “სითი პარკის” მიერ სატრანსპორტო საშუალების ევაკუირების შესაძლებლობას იძლევა.
მისივე განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, “სითი პარკს” აეკრძალება ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, თუ ის ამკრძალავი ნიშნის “დგომა-გაჩერება აკრძალულია” ან “დგომა აკრძალულია” მოთხოვნას არღვევს, მაგრამ არ აფერებს საავტომობილო მოძრაობას და არ ქმნის საცობს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, კომიტეტისთვის მისაღებია წარმოდგენილი ცვლილებები, თუმცა, მისივე განმარტებით, მასში ქვეითად მოსიარულეთა უფლებების დაცვაზე არ არის საუბარი, რაც უფლებრივ დისბალანსს წარმოშობს.
აღნიშნულ კონტექსტში ბესელიამ საკითხის ინიციატორს პროექტში იმ მუხლის დამატების რეკომენდაციით მიმართა, რომელიც ავტომობილის ტროტუარზე გაჩერებისას ქვეითთა გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში, მის ევაკუაციას შეეხება. ეკა ბესელიას განცხადებით, კანონში აღნიშნული ჩანაწერის გაკეთებით დაცული იქნება ფეხით მოსიარულეთა და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.
კომიტეტის ეს ერთადერთი შენიშვნა კანონპროექტის ინიციატორმა სრულად გაიზიარა და პროექტში შესაბამისი ჩანაწერით ასახა. კომიტეტის მხრიდან სხვა შენიშვნა/რეკომენდაცია საკითხის მიმართ არ გამოთქმულა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძის შეფასებით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები მისთვის სრულიად მისაღებია, რადგან “სითი პარკის” მოქმედებები მაქსიმალურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.
“დედაქალაქში “სითი პარკის” შემოსვლის დღიდან ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვევა და კომპანია მონსტრ ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც ზემოგების სანაცვლოდ ქალაქში პარკირების მოწესრიგების უზრუნველსაყოფად ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.
“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაში“გადმოცემული ავტოპარკი მოხმარდა ჩემი და მოადგილეების გადააგილების საჭიროებებს”
შემდეგი სტატიამურმან დუმბაძე ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას შეუერთდა