საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
გამოძიების ცნობით, 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. აღნიშნულ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც ამ მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.
უწყების ინფორმაციით, ჯამში რეექსპორტის რეჟიმში 138 ავტომობილი მოექცა, თუმცა კანონით განსაზღვრულ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად მიიჩნევა და შესაბამისი გადასახადების გადახდა სავალდებულოა.
იმპორტის გადასახდელების გადაუხდელობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარისა და 38 თეთრის ზიანი მიადგა.
საქმის ფარგლებში დაკავებულია სამი პირი, ხოლო ბრალდება 16 ადამიანს წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















