ავტომობილებიდან ნაგვის გადმოყრაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს მთავრობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დავცის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს მინიმუმ ერთი წლის ვადით, სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს უფლებამოსილება მიეცემათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართლადარღვევის გამოვლენისას ადგილზე სამართალდამრღვევის დაჯარიმება მოახდინონ (იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ხელმოწერით);

ნარჩენების მართვის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების თანამშრომლებს უფლებამოსილება მიენიჭებათ, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, სამართალდამრღვევი ადგილზე დააჯარიმონ.

იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე დაჯარიმება არ მოხდება, საჯარიმო ქვითარი ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გაეგზავნება.

ამასთან, მკაცრდება პასუხისმგებლობა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებაზე. უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული მყარი წიაღისეულის კონფისკაცია იქნება გათვალისწინებული. მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებითი ჩამოერთმევა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ, თუ პირი ერთი წლის განმავლობაში, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღისეულს კვლავ მოიპოვებს, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პირს დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვისაც დაეკისრება.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: მთავარი გაკვეთილი, რომელიც ისტორიიდან უნდა გამოვიტანოთ, ისაა, რომ დამოუკიდებლობა თავისუფლებად გადავაქციოთ
შემდეგი სტატიასაქართველოს აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული – კალაძე