ავტობუსში მოწყობილი სამალავით საბაჟოზე დაახლოებით 535 000 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა, დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი აღკვეთეს, რაზეც დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომელთა სავარაუდო ღირებულება 535 000 ლარია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები. გამოძიების ამ ეტაპზე ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 000 ლარი. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავების აღმოჩენისა და დამატებით კონტრაბანდული ძვირფასეულობის ამოღების მიზნით” – წერს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის რეანიმობილის გადაცემის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა