„მეათე მოწვევის პარლამენტში შემოსვლა ჩემი შეხედულება იყო. რომ ვთქვა, ვინც არ შემოდის, სააკაშვილთან არის გარიგებული-მეთქი, სწორი ხომ არ იქნება? ხომ არ ვიცი, გარიგდა თუ არა, თუმცაღა, ასეა. ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა და „პატრიოტთა ალიანსს“ არ დაუწერეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწერეს. დიდი ცვლილებებისთვის პარლამენტში ოპოზიციის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა ჩვენ ამ ცვლილებებს ვეცდებით-ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.
„პატრიოტთა ალიანსში“ არავის არაფერზე არ ზღუდავენ. პარტიის თათბირზე მისმა წევრებმა იცოდნენ, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება იყო მიღებული. პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებასაც და არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. რატომღაც პოლიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ ერთ პარტიას ერთი აზრი უნდა ჰქონდეს ტყუპი ბავშვებივით, რაც ასე არ არის“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.
ამასთან, ენუქიძე გამოეხმაურა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტსაც და აღნიშნა, რომ დაფინანსების შეწყვეტა არასწორია.
„სწორად მიმაჩნია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს. არასწორად მიმაჩნია, პარტიებს დაფინანსება შეუწყვიტონ. დაფინანსება პარტიებმა რომ არ მიიღონ, დაიხრჩობიან. ამიტომ ამის მომხრე ვარ. „პატრიოტთა ალიანსმა“ სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს. ამ პარტიაში გარკვეული შრომა ჩავდე და დღესაც მათი მხარდამჭერი ვარ“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.
კითხვაზე, რატომ გაიყო მისი და „პატრიოტთა ალიანსის“ გზები, ენუქიძემ უპასუხა: „რატომ გაქვთ წარმოდგენილი, რომ ერთმანეთს უნდა ვეომოთ? ბრძოლის ამ ფორმატს დღეს ასე ვუყურებთ“.