ავთანდილ ენუქიძე ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლუკ ტარდიფს და საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტს, ზაქარია ხეჩუაშვილს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც ავთანდილ ენუქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ლუკ ტარდიფს გარკვეული წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყნაში ყინულის ჰოკეის აღორძინებაში და მან მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც დახმარება გაუწიოს საქართველოს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.

„გუშინ, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ლუკ ტარდიფი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა და მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნაში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარებისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ლუკ ტარდიფმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს ქართულ მხარეს თბილისში დაგეგმილი ყინულის ჰოკეისა და ფიგურული სრიალის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის მშენებლობაში, მათ შორის, პროექტირებისას ტექნიკური კონსულტაციის გაწევით.

მე, როგორც საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა წულუკიანთან, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში ყინულის მოედნების მშენებლობას. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში, სადაც ჩვენმა გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა და შესაბამისად, „ა“ დივიზიონში გადავიდა.

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ თუ საქართველოში შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, განხილული იქნება ჩვენს ქვეყნაში „ა“ დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის საკითხი. ლუკ ტარდიფმა აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა თბილისს ყინულის ჰოკეისა და ფიგურული სრიალისთვის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის გახსნაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სიჯიუტესა და ტალახის სროლაში არ ჩამოუვარდება – პაატა ზაქარეიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველო არის უკვე გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, ევროკავშირი სწორედ ამ კონტექსტში შეაფასებს ქვეყანას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია – ბოჭორიშვილი