ავსტრიის ვიცე-კანცლერთან “მდიდარი რუსის” როლი ბოსნიელმა სტუდენტმა ითამაშა

“რუსი ოლიგარქის ძმისშვილის” როლის შემსრულებელი, რომელიც მაშინდელ ვიცე-კანცლერ ჰანს-კრისტიან შტრახეს იბიცაში შეხვდა, ბოსნიელი სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის სტუდენტი აღმოჩნდა – 28 მაისს ავსტრიულ Die Kronen-Zeitung-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს. გამოცემის ინფორმაციით, მდიდარი რუსის როლისთვის პრეტენდენტს დიდი ხანი ეძებდნენ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვიდეოჩანაწერის გაკეთებისთვის “მდიდარი რუსი” დღეში 7 ათას ევროს იღებდა ჰონორარის სახით. გამოცემის თანახმად, ახალგაზრდა ქალი თავდაპირველად ვენის ვიცე-მერს იოჰან გუდენუსს “შემთხვევით შეხვდა” ესპანეთში, თითქოსდა სანადირო ტყის საყიდლად. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ქალმა ტყეზე ბევრი რამ იცოდა, რომლითაც ვიცე-მერის ნდობა დაიმსახურა.

იბიცაზე შეხვედრისას უშიშროების თანამშრომლები “ოლიგარქის ძმისშვილს” გადამცემით იმ შეკითხვებს აწვდიდნენ, რომელიც მას უნდა დაესვა.
შვიდსაათიანი ვიდეოს ჩაწერის მოტივი “ავსტრიის თავისუფლების პარტიისადმი შურისძიება” იყო.
ჟურნალისტების გამოთვლით, ავსტრიის ვიცე-კანცლერისთვის ხაფანგის დაგება დაახლოებით 380 ათასი ევრო დაჯდა.

18 მაისს ავსტრიის ვიცე-კანცლერი, ჰაინც-კრისტიან შტრახი თანამდებობიდან გადადგა. მისი ეს ნაბიჯი უკავშირდებოდა 17 მაისს გავრცელებულ სკანდალს, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. მასალები Süddeutsche Zeitung-მა და Spiegel-მა გამოაქვეყნეს. გავრცელებულ ვიდეოფირზე გადაღებულია შტრახესა და “მდიდარი რუსის” შეხვედრა იბიცაზე. შეხვედრას ვიცე-კანცლერის გარდა ესწრებიან მისი თანამებრძოლი და პარლამენტში პარტია FPÖ-ს ხელმძღვანელი იოჰან გუდენუსი და მისი მეუღლე, უცნობი მამაკაცი და ქალი, რომელიც ძირითადად, რუსულად და ინგლისურად საუბრობს.

ავსტრიელებს რუს ქალს აცნობენ, როგორც ალიონა მაკაროვას, რომელიც პუტინის წრიდან ერთ-ერთი ოლიგარქის ძმისშვილია და რომელსაც, თითქოს სურვილი აქვს მილიონობით ევრო ჩადოს ავსტრიაში. შეხვედრის ადგილას, როგორც გაირკვა, ძალიან ბევრი ფარული კამერა იყო დამონტაჟებული, თვითონ რუსი კი “სატყუარა” იყო.
რუსი ქალი ავსტრელ პოლიტიკოსს და მის კომპანიონს პირობას აძლევს, რომ ვენის გაზეთ Kronen-Zeitung-ის 50%-ს იყიდის, რომ გაზეთიდან ვიცე-კანცლერის პარტიის ხაზის გატარება მოხდეს. საპასუხოდ კი, ქალი “ურთიერთგაგებას” ითხოვს.

შეხვედრა 7 საათი გრძელდებოდა. შტრახი, რუსული მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქალს საეჭვო წინადადებას სთავაზობს. სხვა მრავალთა შორის, ის ამბობს, რომ FPÖ-ს მთავრობაში მონაწილეობის შემთხვევაში, ავსტრიული სამშენებლო კომპანია Strabag ვეღარ მიიღებს სახელმწიფო შეკვეთებს და ყველა შეკვეთა რუსებთან გადავა. გარდა ამისა, ვიცე-კანცლერი რუს ქალს ასწავლის თუ როგორ უნდა აუაროს გვერდი ავსტრიულ კანონებს.

შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმებები არ მიუღიათ. თუმცა, მხარეებმა კონტაქტის გაგრძელება დათქვეს.

ვიდეოს გამოქვეყნებამ ავსტრიაში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია. ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა დღეს, 28 მაისს ოფიციალურად დაითხოვა ყოფილი კანცლერის სებასტიან კურცის მთავრობა, რომელსაც მანამდე პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
ყოფილი კაბინეტის ყველა წევრი, გარდა კურცისა, პრეზიდენტის განკარგულებით, მოვალეობას შეასრულებენ მანამდე, სანამ გარდამავალი მთავრობა ჩამოყალიბდება. იგეგმება, რომ ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება.

დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად ავსტრიის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ჰარტვიგ ლეგერი დაინიშნა. კურცის მთავრობაში მას ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარდამავალი კანცლერი და დროებითი მთავრობა ხელისუფლებაში მინიმუმ 2019 წლის სექტემბრამდე დარჩებიან, მანამდე, სანამ არჩევნები ჩატარდება.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: საქართველოს პრესტიჟი საერთაშორისო დონეზე ეცემა
შემდეგი სტატიალექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ხელშეკრულება შეუწყდა